„საბანკო საიდუმლოება რჩება საბანკო საიდუმლოებად“ - ასე უპასუხა „საქართველოს საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის კითხვას, რომელიც „რუსული კანონის“ თანახმად, ბანკებისთვის საჯარო რეესტრისთვის ინფორმაციის მიწოდებას ვალდებულებაზე საბანკო სექტორის პოზიციას შეეხებოდა.
„რუსული კანონი“ ბანკებს საჯარო რეესტრისთვის ინფორმაციის მიწოდებას ავალდებულებს
ალექსანდრე ძნელაძე აცხადებს, რომ საბანკო სექტორი „კომერციული ბანკების შესახებ“ კანონით და მარეგულირებლის მითითებით ხელმძღვანელობს.
რას ამბობს „კომერციული ბანკების შესახებ“ კანონი? - მუხლი #17 საბანკო საიდუმლოება
ამასთან, „წერტილთან“ ინტერვიუში ალექსანდრე ძნელაძემ რამდენჯერმე აღნიშნა, რომ საბანკო სექტორი „დაელოდება პრაქტიკას“. „უნდა დაველოდოთ წინასწარ ინსტრუქციას, რა ფორმით მოხდება ამ ინფორმაციის მოთხოვნა“, - განაცხადა მან.
- როგორ ეხება კანონი, რომლის ამოქმედების გამო საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერდა, საფინანსო სექტორს და შესაბამისად, მომხმარებელს?
- საბანკო სექტორი ხელმძღვანელობს „კომერციული ბანკების შესახებ“ კანონით, რომელიც არეგულირებს დარგს და მარეგულირებლის მითითებებით, რითაც გავაგრძელებთ ხელმძღვანელობას. სხვა ყველა პრაქტიკა იქნება პრაქტიკაში ასახული და შევხედავთ რა პრაქტიკა გვექნება და რა მიმართულებით. ამ ეტაპზე ცალსახად „კომერციული ბანკების შესახებ“ კანონით ვხელმძღვანელობთ.
- რა ხდება იმ შემთხვევაში თუ საჯარო რეესტრმა რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციაში დასაქმებულის შესახებ მოითხოვა საბანკო მონაცემი - როგორ იქცევა ასეთ სიტუაციაში საბანკო სექტორი?
- პრაქტიკიდან გამომდინარე უნდა ვიხელმძღვანელოთ. კონკრეტულ ქმედებასთან მიმართბით ყველა ვერსია შეიძლება განვიხილოთ. დღეის მდგომარეობით, ეს ფაქტი არ დამდგარა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რა პრაქტიკა ჩამოყალიბდება მომავალში. მესმის, რომ ეს კითხვა ძალიან ცხელია, მაგრამ მგონია, რომ ამ შემთხვევაში ძალიან კონკრეტული პასუხი გაგეცით - ვხელმძღვანელობთ „კომერციული ბანკების შესახებ“ კანონით და საბანკო საიდუმლოება რჩება საბანკო საიდუმლოებად.
- თავად ეროვნულ ბანკში რას ფიქრობენ ამ საკითხზე - მათაც ანალოგიური პოზიცია აქვთ, რომ თქვენთვის უპირატესი იქნება „კომერციული ბანკების შესახებ“ კანონი?
- ამასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ კომენტარს იქიდან გამომდინარე, რომ ახალი კომენტარი არ გაკეთებულა (სებ-ის მიერ) და დაველოდებით ამ კომენტარს...
- ჩვენც ველოდებით ეროვნული ბანკის ახალ განმარტებას...
- ან განმარტება იქნება ან პრაქტიკა და ამ პრაქტიკას მივყვებით. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, მესმის, რომ ამ საკითხთან მიმართებით ძალიან მაღალია ინტერესი და ამ პრაქტიკას ჩვენც დაველოდებით და თქვენც დაელოდებით...
- პრაქტიკული მაგალითი წარმოვიდგინოთ - მე რომ ვიყო რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციაში დასაქმებული, რომელსაც ძალით დაარეგისტრირებენ „რუსული კანონის“ რეესტრში და ჩემი საბანკო ანგარიში, რომ მოითხოვოს საჯარო რეესტრმა, როგორ მოიქცევა კომერციული ბანკი, სადაც ანგარიში მაქვს გახსნილი?
- პრაქტიკა ჯერ არ არის... უნდა დაველოდოთ ამ პრაქტიკას ან წინასწარ ინსტრუქციას, რა ფორმით მოხდება ამ ინფორმაციის მოთხოვნა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აღნიშნული ინფორმაციის მოთხოვნა დღესაც არაერთ სტრუქტურას შეუძლია, მაგრამ ამას აქვს კონკრეტული ფორმა, კონკრეტული პროცესია და ამას უნდა დაველოდოთ...
- არც იუსტიციის სამინისტროსთან არ გქონიათ კომუნიკაცია, რომ ამ პროცედურებზე მეტი განმარტება მოგეთხოვათ?
- ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ ამას, რადგან ყველა მიმართულებით ყველა სტრუქტურასთან მუდმივად გვაქვს ურთიერთობა. დღეის მდგომარეობით, კონკრეტული ჩამოყალიბებული პოზიცია არ არსებობს.
- ისე როგორც საბანკო სექტორის წარმომადგენელს რა რეაქცია გქონდათ ასეთი განცხადების მოსმენის შემდეგ - უფრო გაგიკვირდათ თუ არა?! ეს ვითარება ხომ გამოწვევაა საბანკო სექტორისთვისაც, რადგან თუ საფინანსო სექტორი დღეს ძლიერია, ამის ერთ-ერთი ფაქტორი მომხმარებლის მხრიდან მისი ნდობაც არის...
- მესმის, მაგრამ ნდობის ფაქტორიც არის იქიდან გამომდინარე, რომ საბანკო სექტორი სისტემური სექტორია და ის ყოველთვის დაიცავს საერთაშორისო და ქართულ კანონმდებლობას. აქედან გამომდინარე, მერწმუნეთ, ყოველთვის შესაბამისობაში იქნება მათი ქმედება იმ მოთხოვნებთან მიმართებით, რაც იარსებებს საერთაშორისო სტანდარტების და საქართველოს საკანონმდებლო ბაზის მიხედვით.
- შეიძლება ვიფიქროთ, რომ იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის ბრძანებას აქვს ის წონა, რაც საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებით ნათია თურნავას ე.წ. საგამონაკლისო ბრძანებას ჰქონდა ბანკებისთვის, რადგან გვახსოვს მაშინ ბანკების პოზიცია - ჩვენ გავაგრძელებთ საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულებასო...
- კითხვა უცნაურად არის დასმული...
- რატომ? თქვენ ხომ მითხარით, რომ ამ შემთხვევაშიც იხელმძღვანელებთ „კომერციული ბანკების შესახებ“ კანონით?
- დიახ, მაგრამ ის არ კრძალავდა იმ ქმედებას, რაზედაც საბანკო სექტორმა განაცხადა და არც დღევანდელი მოცემულობა არ უგულებელყოფს სექტორის მარეგულირებელ კანონს, რომელიც არის „კომერციული ბანკების შესახებ“ კანონი...
- და მაინც, თუ მოსთხოვენ ბანკებს მომხმარებლის საბანკო მონაცემებს, როგორ მოიქცევა ბანკი?
- დღევანდელი მდგომარეობით, მეტად კონკრეტული პასუხის გაცემა არ შემიძლია... ახლა ჩემი ძალიან კონკრეტული პასუხია, რომ პრაქტიკა უნდა ჩამოყალიბდეს ან კონკრეტული ინსტრუქცია უნდა იყოს ამასთან მიმართებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სექტორი ხელმძღვანელობს „კომერციული ბანკების შესახებ“ კანონით და მარეგულირებლის მითითებით. კონკრეტულად მარეგულირებლის მითითებები ამასთან დაკავშირებით არ არსებობს და როგორც ვხვდები, არ იარსებებს, ხოლო პრაქტიკა, ჯერჯერობით, არ გვაქვს.
ომბუდსმენმა იუსტიციის მინისტრს "რუსული კანონის" რეესტრთან დაკავშირებით მიმართა - განცხადება