მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვადის 4 წლამდე ზრდა სამომხმარებლო სესხებზე მოთხოვნას მკვეთრად არ გაზრდის - საბანკო ასოციაცია

საბანკო ასოციაცია

სამომხმარებლო სესხებზე ვადის ზრდით საკრედიტო ტევადობა მკვეთრად არ გაეზრდება იმ ადამიანებს, რომლებიც 4-წლიან სესხს აიღებენ,- ამის შესახებ საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ “საქმიანი დილის” ეთერში განაცხადა.

“ზაფხულის დასაწყისიდან, ამაზე მაქსიმალურად ვაკეთებთ აქცენტს, რადგან გადაწყვეტილება სამომხმარებლო სესხების 4-დან 3 წლამდე შემცირების კუთხით ეროვნული ბანკის მხრიდანაც იყო გაცხადებული, რომ მიღებული იყო ერთწლიანი ვადით. წლის დასაწყისშივე გვქონდა მოლოდინი, რომ აღნიშნული აღდგებოდა და ვადა 4 წლამდე გაიზრდებოდა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას ჰქონდა მომენტალური ეფექტი, კონკრეტული, მოკლე ვადით. როცა მომხმარებელი უკვე 4 წელზე იყვნენ აწყობილი. ამიტომ არც ბანკს და არც მომხმარებელს მოკლე ვადით გარკვეული რესურსების უცებ შევსება აღარ შეეძლო. ასე, რომ ჩვენი მიზანი სებ-თან შეხვედრაზე იყო, რომ კიდევ ერთხელ მიგვეწოდებინა ინფორმაცია, რომ 4 წლამდე ამ ვადის ზრდა სამომხმარებლო სესხებზე მოთხოვნას მკვეთრად არ გაზრდის. იქიდან გამომდინარე, რომ აქვე მუშაობს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების წესი, რომელიც 2018 წლიდან გვაქვს. აქვე მუშაობს სხვა საკითხები და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის, რომ დღეს სამომხმარებლო სესხებზე პროცენტი ძალიან მაღალია”,- განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

მისივე თქმით, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი საკრედიტო პორტფელის მკვეთრად ზრდის ნაწილში, ამიტომ საკრედიტო ტევადობა მკვეთრად არ გაეზრდება იმ ადამიანებს, რომლებიც 3-წლიან ან 4-წლიან სესხს აიღებენ.

“ინფორმაცია მაქსიმალურად ნათლად მივაწოდეთ კიდევ ერთხელ და ამ შეხვედრის მიზანი აღარ იყო გაცნობითი ხასიათის, რადგან ქალბატონი ნათია დიდი ხანია არის უკვე სებ-ის საბჭოს წევრი, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. ეს საკითხიც დიდი ხანია გვაწუხებს და ამაზე არაერთხელ ვისაუბრებთ კიდევ”, - თქვა მან.

ცნობისთვის, სამომხმარებლო სესხების ვადიანობის შეზღუდვის მოხსნაზე სებ-ის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი აგვისტოში ამბობდა, რომ მას შემდეგ რაც მიმდინარე წლის აგვისტოში, სამომხმარებლო სესხების ვადიანობის შეზღუდვის გასული წლის გადაწყვეტილება ძალას დაკარგავს, გაგრძელდებოდა თუ არა ეს შეზღუდვა სექტემბერში ფინანსური სტაბილურობის კომიტეტზე გადაწყდებოდა.

მას შემდეგ კი რაც ეროვნულმა ბანკმა ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომა 27 სექტემბრის შემდეგ ორჯერ გადადო სხდომის გამართვის ახალ თარიღად 18 ოქტომბერი გაიწერა. ოფიციალური ინფორმაციით, სხდომის გადადების მიზეზად ორივეჯერ სტატისტიკური მონაცემების მოლოდინი დასახელდა. ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომის ჩატარების გაჭიანურება ეროვნულ ბანკში არსებულ კრიზისზე მიანიშნებს.

შეგახსენებთ, რომ სამომხმარებლო სესხების ვადიანობის შეზღუდვის სებ-ის გადაწყვეტილება ძალაში გასული წლის 15 აგვისტოდან შევიდა, რაც სამომხმარებლო სესხების ჭარბი ზრდის ინფლაციაზე დამატებითი ზეწოლის შემცირების მიზნით სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის 4-დან 3 წლამდე შემცირებას ითვალისწინებს. აღნიშნული მაკროპრუდენციული ზომა ერთი წლის ვადით იქნა მიღებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები