ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ამბობს, რომ ე.წ. რუსული კანონის აღსრულების კრიტერიუმების მომზადების პროცესში ჩართული არ ყოფილა, ხოლო თავად კანონს კონფიდენციალობასთან შეხება არ აქვს.
ასე უპასუხა თურნავამ BMG-ის მიერ დასმულ შესაბამის კითხვას, თუ როგორი პოლიტიკა ექნებათ საფინანსო ინსტიტუტებს და მარეგულირებელს, თუკი იუსტიციის სამინისტრო სასამართლოს გარეშე, გამჭვირვალობის სახელით, ბანკებს რომელიმე მომხმარებლის პირადი მონაცემების გაცემისთვის მიმართავს. ჟურნალისტი ასევე დაინტერესდა, რა პოლიტიკა ექნება სებ-ს კონფიდენციალურობის დაცვის პროცესში და თუ იყო კონსულტაციებში ჩართული ეროვნული ბანკი.
ნათია თურნავა ფიქრობს, რომ "რუსული კანონი" ფიზიკურ პირებს არ ეხება.
სამი მოსმენით დამტკიცებული "რუსული კანონი" სრულად
"გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით არ ვართ ჩართული კონსულტაციებში, რადგან ეს კანონი არ შეეხება საფინანსო სექტორს. პირველ რიგში, ცნობილია, რომ ის ფიზიკურ პირებს საერთოდ არ ეხება. ზოგადად, საბანკო კონფიდენციალურობა დაცული არის სპეციალური კანონმდებლობით, რომელიც არეგულირებს საბანკო სექტორს. აქედან გამომდინარე, კანონს ჩვენთან პირდაპირი შეხება ამ კუთხით არ აქვს. ზოგადად, გამჭვირვალობას მივესალმებით. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე სტრუქტურა, მაგრამ უშუალო შეხება საფინანსო სექტორთან და კონფიდენციალობასთან არ აქვს. ბუნებრივია, რომ ჩვენ არც უნდა ვიყოთ ამ პროცესში ჩართული“, - განაცხადა თურნავამ.
ჟურნალისტის რეპლიკაზე იმის შესახებ, რომ კანონი ფიზიკური პირების ნაწილსაც ეხება, ნათია თურნავამ უპასუხა, რომ ამაზე კანონის ავტორებმა ამომწურავი განმარტება გააკეთეს.
რუსული კანონის მიხედვით, იუსტიციის სამინისტროს ფიზიკური პირების 5,000 ლარით დაჯარიმებაც შეეძლება
„ეს კანონი არ შეეხება ფიზიკურ პირებს. საბანკო სექტორს რაც შეეხება, საბანკო საიდუმლოება დაცულია კანონით. მხოლოდ ეს შემიძლია ვთქვა, დანარჩენზე უფრო კომპეტენტურ ორგანოებს შეგიძლიათ მიმართოთ“, - განაცხადა თურნავამ.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 1-ელი აგვისტოდან, ყველა ორგანიზაცია, რომელიც აკმაყოფილებს „რუსული კანონით“ დადგენილ კრიტერიუმებს, უცხოური გავლენის გამტარებლად უნდა დარეგისტრირდეს. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად უნდა დარეგისტრირდეს იურიდიული პირი, რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან საფინანსო დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით.
"რუსული კანონის" აღსრულებისთვის იუსტიციის სამინისტრომ ფინანსური დეპარტამენტი შექმნა