მინისტრის ბრძანებით, "რუსული კანონის" აღსასრულებლად იუსტიციის სამინისტრომ ფინანსური დეპარტამენტი შექმნა.
სახელწოდება ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტია.
საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული ბრძანების მიხედვით, დეპარტამენტის ამოცანებია კანონმდებლობით დადგენილი წესით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოება და საჯაროობის უზრუნველყოფა, აგრეთვე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაში სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის მხარდაჭერა.
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები კი, შემდეგია:
- უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოება და მისი საჯაროობის უზრუნველყოფა;
- „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაში სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის მხარდაჭერა;
- უფლებამოსილების ფარგლებში, კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;
- შესაბამისი სტრუქტურული, საკადრო, ნორმატიული და ტექნიკური ხასიათის კონკრეტული წინადადებების შემუშავება და ყოველი კვარტალის ბოლოს სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
- დადგენილი პერიოდულობით საქმიანობის ანგარიშის მომზადება და უფლებამოსილი პირებისთვის წარდგენა;
- ამ დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ამ ბრძანების პირველი მუხლი კი, ამოქმედდეს 2024 წლის 1 აგვისტოდან.
bm.ge-ის საჯარო რეესტრში უთხრეს, რომ ხელმძღვანელი პირი ჯერ არ განსაზღვრულა. შესაბამისად, უცნობია, ვინ აღასრულებს "რუსულ კანონს".