"ლონდონის ბირჟაზე დალისტულ ქართულ ბანკებს ევროპელი ინვესტორების დიდი სპექტრი ჰყავთ... „დაინიშნოს ახალი არჩევნები“ პოლიტიკური განცხადებაა. შესაბამისად, მსგავსი გადაწყვეტილება ასე სწრაფად არ მიიღება ან საერთოდ არ მიიღება“ - ფინანსისტი ვასილ რევიშვილი ვარაუდობს, რომ სწორედ ამ მიზეზის გამო ვერ უერთდებიან სისტემური ბანკები თავისუფალი ბიზნესების პლატფორმა Freebusiness.ge-ის მოთხოვნებს - დაინიშნოს ახალი არჩევნები და ახალ წლამდე გათავისუფლდნენ პროევროპულ აქციებზე დაკავებულები.
ამასთან, როგორც BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას ვასილ რევიშვილმა განაცხადა, ბანკებს შეუძლიათ საკუთარი პოზიცია სხვა ფორმითაც გამოხატონ.
ფინანსისტი პლატფორმა Freebusiness.ge-ის იდეას და მოთხოვნებს იზიარებს და აღნიშნავს, რომ „ყველა პროტესტს ერთნაირად ვერ გამოთქვამს“.
- არაა აუცილებელი, პირობითად, ბიზნესი გაიფიცოს და ხელმძღვანელ-თანამშრომლებიანად დადგნენ ქუჩაში. მომწონს Freebusiness.ge-ის იდეა. ის სიგნალია „ქართული ოცნებისთვის“, რომ „მე შენი გულშემატკივარი არ ვარ“ და ვფიქრობ, საკმარისია იმისთვის, რომ ჯაჭვი სადღაც დაწვრილდეს და [გაწყდეს]. როდესაც ვერ გრძნობენ, ვერ ხედავენ ხალხს და მშვიდი სახით არიან... თვითონ ხომ იციან სიმართლე?! პირდაპირ ვიტყვი, „ტვიტერმაც“ კი, გამოაქვეყნა, რომ ტყუილია [ირაკლი კობახიძის ტვიტიო], ამიტომ Freebusiness.ge-ის ფორმა ძალიან კარგი და სწორი ფორმაა. რაც შეეხება უფრო მსხვილი ბიზნესების მხრიდან პოზიციის დაფიქსირებას, კონკრეტულად ბანკებზე ვისაუბრებ, აქ ცოტა სხვაგვარადაა საქმე...
- მეტი სიფრთხილე მართებთ?
- უფრო კორპორაციულ მართვას ვგულისხმობ... ჩვენ ისეთი წარმოდგენა გვაქვს, რომ ბანკი ეკუთვნის გენერალურ დირექტორს. სინამდვილეში ის ორი მსხვილი ბანკი, რომელთაც ალბათ სხვებიც ელოდებიან, ლონდონის საფონდო ბირჟაზე არიან დალისტულები, მათ ჰყავთ ევროპელი ინვესტორების ძალიან დიდი სპექტრი, ჰყავთ სამეთვალყურეო საბჭო. „დაინიშნოს ახალი არჩევნები“ პოლიტიკური განცხადებაა, შესაბამისად, მსგავსი გადაწყვეტილება ასე სწრაფად არ მიიღება ან საერთოდ არ მიიღება. ამიტომ ამას ნუ ველოდებით, თუმცა მათ აქვთ სხვა ფორმით იმავეს გამოხატვის საშუალება, რომ „არა, მე თქვენი თანამზრახველი და გულშემატკივარი არ ვარ“.
- ინდივიდუალურად საკუთარი პოზიცია რამდენიმე ბანკმა დააფიქსირა. კიდევ რა ფორმით უნდა გამოხატონ?
- „მაგალითად, გააკეთონ ცალსახა განცხადება, რომ საერთაშორისო სანქციების შემთხვევაში, სანქციების დაცვის ვალდებულებას აიღებენ...
- ბანკებთან დაკავშირებით გავიგე თქვენი პოზიცია... ნავთობკომპანიებიც არ აქტიურობენ freebusiness.ge-ზე - როგორ ფიქრობთ, რატომ?
- ნავთობკომპანიებს კარგად არ ვიცნობ. ერთი-ორი ვიცი, მაგრამ მანდ ალბათ სხვა ინტერესებია.
- შიში პრობლემების, რომელიც შეიძლება შეექმნათ?
- არა... კომფორტის თემაა.
- ბიზნესის დამცველად ვერ გამოვდგები და არც ვაპირებ, მაგრამ როდესაც ირაკლი კობახიძე freebusiness.ge-ის მოთხოვნებზე მიერთებულ კომპანიებზე ამბობს, რომ ისინი ქვეყანაში სიმშვიდეს ხელს არ უწყობენ და შეიძლება, უკან მიუბრუნდეთ... ეს გარკვეულწილად ხომ არ შეიცავს მუქარის ნიშნებს? ბიზნესსაც ბევრი აქვს დასაკარგი...
- დიახ, უმაგისობაც არ არის... ფინანსური სფერო სისტემური ბიზნესია და მათი დაშინება რთულია, ამიტომ ვფიქრობ, სწორია ჩემი არგუმენტი, რატომაც ხმამაღლა არ საუბრობენ, თუმცა რა თქმა უნდა, არის ბიზნესები, რომლებიც უფრო მოწყვლადები არიან და ამასაც ვერ გავექცევით. მისაღებია თუ გასაგები, ასეა, თუმცა ალბათ იმ ბიზნესებმაც შეიძლება მოძებნონ ფორმა, რომ „მე შენი გულშემატკივარი არ ვარ“. ჩემთვის მნიშვნელოვანია არა გამოხატვის ფორმა, არამედ თვითგამოხატვა, რათა იგრძნოს „ოცნებამ“, ცოტა გულშემატკივარი დარჩა...
- დიდი ალბათობით, ბევრ ბიზნესმენზე ახლაც იქნება პირდაპირი თუ ირიბი წნეხი, რომ ღიად დაუჭირონ მხარი „ოცნების“ მთავრობას, როგორც „რუსული კანონის“ მიღებამდე ერთი დღით ადრე მოუწიათ განცხადებების გავრცელება გზავნილით - „მივესალმებით გამჭვირვალობას“...
- დარწმუნებული ვარ ახლაც ასე იქნება... და [მსგავსი განცხადების არ გავრცელება] შეიძლება ზოგიერთი მათგანისთვის გმირობის ტოლფასი იყოს.