მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არაპროგნოზირებად ქვეყანაში ფულის ჩადებას არ უნდა ველოდოთ, მათ შორის არც ჩინეთიდან - ფინანსისტი

ვასილ რევიშვილი

ფინანსისტ ვასილ რევიშვილის აზრით, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა ახალი არჩევნების ჩატარებასა და უდანაშაულო და ნაწამები მოქალაქეების გათავისუფლებაა.

„ქართულმა ოცნებამ“ ამოწურა ყველა რესურსი საუბრის, რადგან იტყუებიან. გვახსოვს „ოცნების“ წინასაარჩევნო ბანერი - „ღირსებით ევროპისკენ“. მმართველი პარტიის მხარდამჭერებს დიდი ალბათობით სჯეროდათ ამ დაპირების, მაგრამ დღეს ბევრი მათგანი დგას აქციებზე. ამდენად, ყველა რესურსი ამოწურულია და გამოსავალი ყველაფრის თავიდან დაწყებაშია“, - განაცხადა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას და იქვე დასძინა, რომ თუ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი მალე არ იქნა ნაპოვნი, პროცესები ეკონომიკურ კრიზისში გადაიზრდება.

ამასთან, ფინანსისტის აზრით, ქვეყანაში, სადაც შეუძლებელია რამის პროგნოზირება, არ უნდა ველოდოთ არათუ დასავლური ინვესტიციების შემოსვლას, არამედ ჩინური ფულსაც.

„ახლა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, მაგრამ თუ არ განიმუხტა სიტუაცია, მივიღებთ ეკონომიკურ კრიზისს და ეს იქნება ტრაგედია. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამერიკული სანქციები ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ვიღაც „თავისუფლების ქანდაკებას“ ვერ ნახავს, ეს სასაცილოა. ფასი, რომელსაც ბიზნესები და შემდეგ უკვე ხალხი „თოვლის გუნდის“ ეფექტით გადაიხდის, არის შემცირებული ბიზნესურთიერთობები ევროპულ და ყველა ნორმალურ ქვეყანასთან, შემცირებული ექსპორტი, შემცირებული ინვესტიციები, შემცირებული თანამშრომლობა და საბოლოოდ, ბიზნესის გაყინვა...

რაც შეეხება გარკვეულ მოლოდინებს იმის თაობაზე,, რომ საბოლოოდ, დასავლური ფული შეიძლება ჩაანაცვლოს სხვა ფულმა - მაგალითად, ავიღოთ ჩინური ფული. ჩინური ბიზნესი ქართულ ბიზნესთან არ თანამშრომლობს. ის ანაცვლებს ქართულ ბიზნესს. პირობითად, ნებისმიერი ჩინური პროექტი შემოდის თავისი ფულით, შემოჰყავთ თავისი ხალხი, ახარჯებს თავის ხალხს და ნაწილს ჯიბეში იდებს. ასეთია ჩინური ბიზნესმოდელი.

რუსულ ფულზე [იმედების დამყარებას] რაც შეეხება, ვკითხოთ ნიკარაგუას, კუბას ან სხვა მსგავს ქვეყნებს, რომლებიც „აშენდნენ“ რუსეთთან მეგობრობით“, - განაცხადა ვასილ რევიშვილმა.

ფინანსისტის შეფასებით, დღეს, საქართველო აღიქმება რისკიან ქვეყნად, სადაც რამის პროგნოზირება შეუძლებელია.

"დღესდღეობით, ქვეყანა აღიქმება რისკიანად. რატომ? არავითარ შემთხვევაში, იმიტომ კი არა, რომ ვიღაც ქუჩაში დგას. რამდენი უცხოელი ტურისტი გვინახავს, რომლებმაც შეიძლება არც იციან, რა ხდება, მაგრამ იმდენად მშვიდი გარემოა, რომ უერთდებიან, რადგან დემონსტრანტების მხრიდან ხიფათზე ზედმეტია საუბარი. ხშირად გვითქვამს, რომ მნიშვნელოვანია პროგნოზირებადი რეგულაციები - ახლა კი, პროგონოზირებად რეგულაციებზე კი არა პროგნოზირებად რამეზეც კი ზედმეტია საუბარი. გაქრა ყველა ინსტიტუცია - ეროვნული ბანკი, სასამართლო, რომელიც აქამდეც არ ბრწყინავდა, ნებისმიერი ინსტიტუტი და ადმინისტრაციული ორგანო გაქრა. გაქრა ნებისმიერი ხელშეკრულების გაფორმების აზრი, რადგან იტყუებიან. რამდენჯერ მოხდა, რომ ის რაც თქვეს, მეორე დღეს გადაახიეს თავზე ან გადაიხიეს თავზე ან გადაგვახიეს თავზე. შესაბამისად, ასეთ ქვეყანაში არ უნდა ველოდოთ არანაირი ფულის ჩადებას, მათ შორის ჩინური ფულისაც“, - აღნიშნა ვასილ რევიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები