საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ტურიზმის კომიტეტის ფარგლებში, ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა „ტურიზმის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივა განიხილეს.
შეხვედრაზე დეტალურად გაანალიზდა ის სიახლეები, რომელსაც საკანონმდებლო პაკეტი ბიზნეს სექტორს სთავაზობს, მათ შორის ტურიზმის სფეროში საჯარო და კერძო თანამშრომლობის პრინციპები და ინსტრუმენტები, ტურისტული სერვისების სუბიექტები და მათი ვალდებულებები, ისევე როგორც, სერტიფიცირებასა და ფინანსური რისკის დაზღვევასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
აღსანიშნავია, რომ კომიტეტის სხდომაზე საუბარი შეეხო იმ საგადასახადო შეღავათებს, რომელიც ზოგიერთი ტიპის ტურისტულ ბიზნესებზე გავრცელდება.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს, როგორც ზემოხსენებული ცვლილებებისა და სიახლეების, ასევე, პროცესის ადმინისტრირებისა და პასუხისმგებლობის მიმართულებით.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ტურიზმის კომიტეტის ფარგლებში, წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც მოხდა ტურიზმის შესახებ კანონპროექტის დეტალური განხილვა, რადგან საქართველოს პარლამენტის წარდგენილი პროექტით შემოთავაზებულია სიახლეები, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ამ დარგში მომუშავე ბიზნეს ოპერატორებზე. შეხვედრაზე მოხდა პოზიციებისა და მოსაზრებების შეჯერება, რაზეც აქტიურად ვაპირებთ თანამშრომლობას შესაბამის უწყებებთან“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
(ns)