მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) კომიტეტი შეიქმნა

ლოგო
BM. GE
02.10.23 13:36
83

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით ასოციაციაში ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) კომიტეტი შეიქმნა. კომიტეტს  „იუ ჯი თი“- ს გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ირაკლი ასლანიშვილი უხელმძღვანელებს.

ტექნოლოგიური კომპანია “იუ ჯი თი“–ს ინიცირებით, შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების კომიტეტის მიზანია ბიზნეს სექტორში ინკლუზიური ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიური სიახლეების ინიცირება და დანერგვა. შედეგად კი, ქართული ინოვაციური ეკოსისტემის პოტენციალის განვითარება  და ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, „კომიტეტი დარგობრივ ჭრილში შეიმუშავებს IT მიმართულებით საუკეთესო საკანონმდებლო თუ ბიზნესზე ორიენტირებულ პროექტებს, კიბერ-უსაფრთხოების გადაწყვეტებს ელექტრონული მმართველობის და საჯარო ადმინისტრირების, ფინანსური სექტორის, სატრანსპორტო და ლოგისტიკის სფეროების, კულტურის, განათლების, მეცნიერების, ჯანდაცვის და სოციალური უსაფრთხოების,  სამშენებლო, ტურისტული და აგრო სფეროებისთვის. მზად ვართ, ჩვენი ცოდნისა და კომპეტენციის ფარგლებში დავეხმაროთ ორგანიზაციებს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და ციფრულ ტრანსფორმაციაში“.

აღსანიშნავია, რომ IT კომიტეტის ფარგლებში, შემუშავდება საგანმანათლებლო პროგრამები, რომელიც მორგებული იქნება ინდუსტრიის დაინტერესებულ მხარეებზე, წევრების  და ზოგადად ბაზრის საჭიროებებზე.

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ „ზემოხსენებული პლატფორმა ხელს შეუწყობს ბიზნესის ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას, ცოდნის, კომპეტენციების, შეხედულებებისა და უახლესი ტენდენციების გაზიარებას და დიგიტალიზაციის მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების იდენტიფიკაციას“.

„ქვეყნისთვის პრიორიტეტულია ციფრული მმართველობის ეკოსისტემის განვითარება და ე.წ e-Governance სამთავრობო ციფრული სერვისების ეფექტიანი დანერგვა. მათ შორისაა, ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული მიწის რეგისტრაცია, ბიზნესთან დაკავშირებული დისტანციური მომსახურება, ელექტრონული საგადასახადო პროცედურები თუ უახლესი ტენდენციების გაზიარება. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა მივიღეთ გადაწყვეტილება ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) კომიტეტის შექმნის თაობაზე და დარწმუნებული ვარ, ჩვენი საქმიანობა პროდუქტიული და წარმატებული იქნება“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

(NS)