მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს და სლოვაკეთის განათლების მინისტრებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

განათლების სამინისტრო
08.09.26 11:00
169

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სლოვაკეთის განათლების, მეცნიერების, კვლევის, განვითარებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით მემორანდუმი გაფორმდა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და სლოვაკეთის განათლების, მეცნიერების, კვლევის, განვითარებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ტომაშ დრაკერმა.

"მემორანდუმი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. პარტნიორობის ფარგლებში მხარეები ხელს შეუწყობენ გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინსტიტუტებს შორის კავშირების გაღრმავებას, ასევე ახალგაზრდებისთვის ახალი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას", - ნათქვამია განათლების სამინისტროს გავრცელებულ პრესრელიზში.

მათივე ცნობით, შეხვედრისას მინისტრებმა, მემორანდუმით გათვალისწინებული ინიციატივების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს და თანამშრომლობის კოორდინაციისთვის სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გივი მიქანაძემ ტომაშ დრაკერს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების, განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებისა და თანამედროვე მოთხოვნებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს განვითარების შესახებ.

ტომაშ დრაკერმა, თავის მხრივ, საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის განვითარების მზადყოფნა დაადასტურა.

გივი მიქანაძემ სლოვაკ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოში ვიზიტით მოიწვია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები