მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს და UAE-ს შორის ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმდა

uae არაბთა გაერთიანებული საამიროები

დღეს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს (UAE) ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომელიც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და სხვა ეკონომიკურ ურთიერთობებს ამარტივებს და აწესრიგებს. 

ხელმოწერის ცერემონიაზე ვიდეომიმართვით ჩაერთნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და დუბაის საამიროს მმართველი შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმი.

შეთანხმებას ხელი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმალევან დავითაშვილმა და საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმათანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდმა მოაწერეს.  

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით: “ეს შეთანხმება მტკიცე საფუძველს უყრის ჩვენს ორ ქვეყანას შორის უფრო მყარი და კონსოლიდირებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას!

არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და დუბაის საამიროს მმართველმაშეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმმა აღნიშნა, რომ გაფორმებული შეთანხმება არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს ურთიერთობებში ახალი საეტაპო მოვლენა იქნება.

"მისი აღმატებულება შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანის ლიდერობით არაბთა გაერთიანებული საამიროები ყოველთვის იღვწის ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებისა და მდგრადი განვითარებისთვის.

დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი შეთანხმება სამომავლოდ ბევრ შესაძლებლობას მისცემსენს ქვეყნებს. დიდი მადლობა!“,- განაცხადა შეიხმა მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმმა.

2022 წელს საქართველოსა და UAE-ს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2022 წელს რეკორდულ 314 მილიონ დოლარს მიაღწია. ამ თანხიდან იმპორტზე 283 მილიონი დოლარი მოდიოდა, ხოლო ექსპორტი 31 მილიონი დოლარი იყო. არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან მთავარი სავაჭრო საქონელი ელექტრონული აპარატები, კონკრეტულად კი სმარტფონებია. საქმე ისაა, რომ საქართველო მობილური ტელეფონების თითქმის ნახევარს სწორედ UAE-დან ყიდულობს და 2022-ში შესაბამისმა იმპორტმა 155 მილიონი დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზე 20.2 მილიონით თამბაქოს ნაწარმი, მესამეზე კი 12 მილიონი დოლარით კომპიუტერები იყო. 

რაც შეეხება ექსპორტს საქართველოდან UAE-ში მთავარი სავაჭრო საქონელი მსუბუქი ავტომობილებია. გასულ წელს ექსპორტმა 11 მილიონი დოლარი შეადგინა. მეორე პოზიციაზე $2 მილიონით ხალიჩები გავიდა, მესამე პოზიცია კი 1.9 მილიონით სპირტიანმა სასმელებმა დაიკავა. 

2023 წლის 8 თვეში კი სავაჭრო ბრუნვა 277 მილიონ დოლარს შეადგენდა, აქედან იმპორტი 244 მილიონი დოლარი, ექსპორტი კი 32 მილიონ დოლარს შეადგენდა. გასული წლის მსგავსად იმპორტში #1 ადგილი ($116 მილიონით) მობილურებს უჭირავს, მეორე ადგილზე ისევ თამბაქოს ნაწარმია (14.9 მლნ დოლარი), მესამეზე კი მსუბუქი ავტომობილებია 12 მილიონი დოლარის ოდენობით. 

ექსპორტში წელსაც პირველი ადგილი მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა დაიკავა (7.9 მლნ დოლარი), მეორე პოზიცია $5 მილიონით სპილენძის მადნებს უჭირავს, ხოლო მესამეზე ნავთობპროდუქტებია 2.8 მილიონით. 

UAE საქართველოში ერთ-ერთი აქტიური ინვესტორი ქვეყანაა. 2022 წელს FDI-მ 28 მილიონი დოლარი შეადგინა, 2021 წელს კი ის 31 მილიონი დოლარის ტოლი იყო. 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოში UAE-დან $20 მილიონი დოლარის ინვესტიციები შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31%-ით ნაკლებია. 

რაც შეეხება სხვა ეკონომიკურ კავშირებს, 2022 წლის განმავლობაში საქართველოს UAE-დან 13 ათასი ვიზიტორი ესტუმრა, 2023 წლის პირველ ნახევარში კი ვიზიტორთა რაოდენობამ 5.7 ათასი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 28%-ით მეტია. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები