საქართველო რუსეთის მიმართულებით სომხეთის ტრანზიტის მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას. „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ ანალიზით, აზერბაიჯანის გააქტიურება და სომხური ტვირთების აზერბაიჯანის დერეფანში გადართვა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქვეშეთი-კობის მაგისტრალის ეკონომიკურ მიზანშეწონილობას.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ღიად განაცხადა რუსეთში მიმავალი სომხური ტვირთების აზერბაიჯანის დერეფნით გადაზიდვის შესახებ. ექსპერტების შეფასებით, ბაქოს სტრატეგიული ამოცანა სუმგაითი-იალამას (რუსეთის საზღვარი) სარკინიგზო მონაკვეთის დატვირთვაა, რომელიც ამჟამად პრაქტიკულად დაუტვირთავია.
აზერბაიჯანმა ამ მონაკვეთის რეკონსტრუქციისთვის 350 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩადო, ხოლო ტვირთების მოსაზიდად ე.წ. ზანგეზურის დერეფანს განიხილავს.
სრული მიმოხილვა:
აზერბაიჯანის პრეზიდენტის დავოსში გაკეთებული განცხადება, ქვეშეთი – კობის მონაკვეთის ფინანსურ უკუგებას კითხვის ქვეშ აყენებს
რას კარგავს საქართველო?
კვლევის ცენტრის გათვლებით, სომხური ტრანზიტის აზერბაიჯანის მიმართულებით გადართვა საქართველოს ბიუჯეტსა და ინფრასტრუქტურას მძიმე დარტყმას მიაყენებს:
- საქართველომ შესაძლოა დაკარგოს სომხური ტრანზიტის ნაწილი, რომელიც წლიურად 3.5-4 მლნ ტონას და 170-200 ათას სატვირთოს შეადგენს.
- მხოლოდ სომხეთის ტრანზიტის გატარებით ბიუჯეტი ყოველწლიურად 60-70 მლნ ლარს იღებს, რაც რისკის ქვეშ დგება.
- მოსალოდნელია, რომ რუსული ხორბლის სომხური იმპორტი (0.35-0.4 მლნ ტონა) სრულად აზერბაიჯანის რკინიგზაზე გადაერთვება.
ანალიზში ხაზგასმულია, რომ მაშინ, როდესაც სახელმწიფო ფსონს რუსეთთან დამაკავშირებელ ქვეშეთი-კობის მაგისტრალზე დებს, ქვეყანა შესაძლოა დაუტვირთავი გზისა და მილიარდიანი ვალის წინაშე აღმოჩნდეს.
„საქართველოს დარჩება დაუტვირთავი ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, რომლის სასესხო ვალდებულება 1.24 მილიარდი ლარი მთლიანად ჩვენი გასასტუმრებელია. მხოლოდ 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა სესხის სახით 0.9 მილიარდი ლარი დაჯდა“, - აცხადებენ კვლევის ცენტრში.
ექსპერტები პარალელს ავლებენ ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტთან, სადაც ფინანსური რისკები აზერბაიჯანმა აიღო. ქვეშეთი-კობის შემთხვევაში კი, მთელი ფინანსური ტვირთი საქართველოსია, იმ პირობებშიც კი, როცა გზა მეზობელი ქვეყნების ინტერესებსაც ემსახურება.
ცენტრის მონაცემებით, 2024 წელს აზერბაიჯანიდან რუსეთში 0.8 მლნ ტონა ტვირთი გადაიგზავნა, მაშინ როდესაც რუსეთიდან აზერბაიჯანში 7.2 მლნ ტონა, რაც მიუთითებს დერეფნის ერთის მხრივ დატვირთვაზე და დამატებითი ტვირთების მოზიდვის აუცილებლობაზე.
კვლევაში აღნიშნულია, რომ სომხეთისთვის რუსეთიდან შემოტანილი ხორბლის წლიური მოხმარება 0.35–0.4 მლნ ტონას შეადგენს და მაღალი ალბათობით სწორედ ეს მოცულობა გადაერთვება აზერბაიჯანის სარკინიგზო მიმართულებაზე. გარდა ამისა, საუბარია სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე, ნავთობპროდუქტებზე, ლითონის მადნებსა და შეკუმშულ აირზე, რომელთა საბოლოო დანიშნულება რუსეთია.
სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის შეფასებით, აღნიშნული პროცესის შედეგად საქართველო დაკარგავს სომხეთის სატრანზიტო ტვირთნაკადის მნიშვნელოვან ნაწილს, რაც ბიუჯეტისთვის ყოველწლიურად 60–70 მლნ ლარის შემოსავლის შემცირებას ნიშნავს.
ცნობისთვის, ქვეშეთი–კობის 23-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა 2021 წელს დაიწყო. პროექტი მოიცავს 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას და გზის სიგრძეს 11 კილომეტრით ამცირებს, რის შედეგადაც გადაადგილების დრო ერთ საათამდე შემცირდება 15 წუთამდე. მშენებლობა აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით ხორციელდება.
კვლევის დასკვნით, თუ სომხეთის ტვირთების მნიშვნელოვანი ნაწილი აზერბაიჯანის მიმართულებით გადაერთვება, საქართველო ერთდროულად დაკარგავს სატრანზიტო შემოსავალს და დარჩება მაღალი ფინანსური ტვირთის მქონე ინფრასტრუქტურული პროექტით, რომლის ეკონომიკური უკუგება მნიშვნელოვნად შემცირდება.
აღსანიშნავია, რომ ტრაილერების გატარებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი მესამე წელია მცირდება.
სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, გასულ წელს ბიუჯეტში გზათსარგებლობის გადასახადიდან 171.2 მლნ ლარის მობილიზება მოხდა, რაც წლიურად 8.1 მლნ-ით ანუ 4.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ გზების სარგებლობისთვის ტრაილერების გადახდილი თანხა რეკორდული 2023 წელს, შემდეგ კი კლების ტენდენცია აქვს.




























