მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოს დელეგაციამ Euronest-ის საპარლამენტო ასამბლეის სესიას ბოიკოტი გამოუცხადა" - ევროპარლამენტარი

ევრონესტუ

საქართველოს დელეგაციამ მიმდინარე კვირაში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიას ბოიკოტი გამოუცხადა, რითაც ხელიდან გაუშვა გადაწყვეტილებების მიღების ან თუნდაც მათი დაბლოკვის შანსი - ასე ეხმიანება გერმანელი ევროპარლამენტარი, სერგეი ლაგოდინსკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას.

"ახლა ისინი ჩივიან, რომ გადაწყვეტილებები არ მოეწონათ. ეს არ არის გულწრფელი და სამწუხაროა. ჩემი პოზიცია თავიდანვე ნათლად იყო გადმოცემული: ოფიციალური დელეგაციის მოწვევა არავის გაუუქმებია. მათ არჩიეს არ მოსვლა", - წერს ევროპარლამენტარი.

აღსანიშნავია, რომ ერევანში გასულ კვირას გამართული ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული ერთ-ერთი რეზოლუცია, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის“ ქვეყნებს ეხება, მკაცრად აკრიტიკებს საქართველოს. კერძოდ, რეზოლუცია 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებს "გაყალბებულს" უწოდებს და გმობს "ქართული ოცნების" სისტემურ თავდასხმას საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, პოლიტიკურ ოპოზიციაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, აკადემიურ წრეებსა და სასამართლო დამოუკიდებლობაზე. ამასთან, რეზოლუცია "ოცნებას" პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

რეზოლუციას შალვა პაპუაშვილი Facebook-ის საშუალებით გამოეხმაურა და "ევრონესტის" პლატფორმა შანტაჟში დაადანაშაულა. მისივე თქმით, საქართველო შემდეგ სესიებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

"ნათელია, რომ ევროპარლამენტმა ევრონესტის პლატფორმა გადააქცია მეზობელ ქვეყნებზე შანტაჟის, საკუთარი ვიწროპოლიტიკური დღის წესრიგის იძულებით თავსმოხვევის იარაღად. კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ევრონესტი უგულებელყოფს საქართველოს მოსახლეობის ნებას და ამ გზით, დამფუძნებელი მანდატის მიღმა, საკუთარი შეხედულებისამებრ აუქმებს მისი წევრი ქვეყნის არჩევნებს და დემოკრატიულ ინსტიტუტებს.

შესაბამისად, ევროპარლამენტის ამ ძალების მხრიდან მტრული და ვიწროპოლიტიკური მიდგომების გათვალისწინებით, საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობას არ მიიღებს ევრონესტის შემდგომ სესიებში", - წერს პაპუაშვილი.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა საპარლამენტთაშორისო ფორუმია, რომელშიც 2011 წლიდან ევროპარლამენტის და უკრაინის, მოლდოვას, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ეროვნული პარლამენტების წევრები მონაწილეობენ, ევროკავშირთან უფრო მჭიდრო პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებს დამყარების მიზნით. ასამბლეის წევრობა შეჩერებული აქვს ბელარუსს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები