“საქართველოს ეკონომიკა 2023 წლის პირველ ექვს თვეში დინამიკურად ვითარდება - ამის ერთ-ერთი მიზეზი ის მშვიდობიანი და სტაბილური გარემოა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს“ - ამის შესახებ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ bm.ge-ს განუცხადა.
ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, ქვეყანა კარგ ეკონომიკურ ზრდას და ინფლაციის დაბალ მაჩვენებელს ინარჩუნებს, რაც სახელმწიფოს სწორი კურსით არის განპირობებული.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ამბობს, რომ პირველ ექვს თვეში ქვეყანაში ექსპორტ-იმპორტის კუთხითაც პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება, ამასთან შთამბეჭდავი რიცხვებია ტურისტულ სეზონთან დაკავშირებითაც.
„საქართველოს ეკონომიკა 2023 წლის პირველ ექვს თვეში ვითარდება დინამიკურად - ამის ერთ-ერთი მიზეზი ის მშვიდობიანი და სტაბილური გარემოა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს.
ჩვენს ქვეყანას მაკროეკონომიკურ პარამეტრებში გააჩნია ძალიან შთამბეჭდავი მაჩვენებლები. კერძოდ, ვგულისხმობ - ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს, რომელიც 8%-მდეა და ინფლაციის ძალიან დაბალ მაჩვენებელს. ამაში მნიშვნელოვანია სახელმწიფოს სწორი კურსი, რადგან ბევრ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების კლება ფიქსირდება.
ჩვენ ძალიან კარგი მაჩვენებელი გვაქვს საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით - იგივე ექსპორტ-იმპორტის მიმართულებით, გზავნილების მიმართულებით. აქტიურია ტურისტული სეზონი და საკმაოდ შთამბეჭდავი ციფრებია, როგორც ტურისტების რაოდენობის, ასევე მათ მიერ დახარჯული თანხებისა და ქვეყნის ეკონომიკაში განხორციელებული წვლილის მიხედვით.
ვფიქრობ, რომ ის საერთაშორისო პროექტები, რომლებიც ქვეყნის მიერ არის ინიცირებული და ერთ-ერთი ასეთია შავი ზღვის კაბელი, ქვეყნის მდგომარეობას უსვამს ხაზს. ლოჯისტიკური თვალსაზრისით, ქვეყნის მიმართ ინტერესისა და ინვესტიციების თვალსაზრისით, საქართველო ინარჩუნებს საკუთარ მიმზიდველობას“ - განმარტავს ის.
ირაკლი ლექვინაძე ქვეყანაში არსებულ გამოწვევაზეც საუბრობს და როგორც თავად აღნიშნავს, გამოწვევად რჩება რეგიონში არსებული დაძაბული ვითარება.
„გამოწვევად კვლავ რჩება რეგიონში არსებული დაძაბულობა და პრობლემები, რადგან ეს ზრდის რისკს გარკვეული მიმართულებით. ვფიქრობ, მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს სტაბილური და მშვიდობიანი გარემო, იმისთვის, რომ საქართველომ შეძლოს ამ რთულ პერიოდში განვითარება“ - აცხადებს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე.