მაისში საქართველოს ეკონომიკა 9.2%-ით გაიზარდა, ხოლო მიმდინარე წლის ხუთი თვის საშუალო ზრდა 9.3 პროცენტია. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს დღეს პარლამენტში მოხსენებით გამოსვლისას პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდა აქვს. როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ მთავრობამ მიმდინარე წლის ოფიციალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაზარდა. ამ ფონზე კი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები და საკრედიტო ორგანიზაციები უკვე საუბრობენ იმ რისკებზე, რის წინაშეც შესაძლოა, საქართველოს ეკონომიკა ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესების გამო დადგეს. მაგალითად, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Fitch“-ის შეფასებით, საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი რისკი ქვეყანაში არსებული შიდაპოლიტიკური გარემო და გეოპოლიტიკური ვითარებაა. კერძოდ, საკრედიტო სააგენტო აღნიშნავს, რომ ე.წ. რუსული კანონის მიღება საქართველოსთვის მაღალი პოლიტიკური რისკია, რამაც, EU-სა და აშშ-სთან საქართველოს ურთიერთობები გააუარესა და შესაძლოა, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაფერხოს. რა განაპირობებს შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებას და როგორ აისახება მომდევნო თვეებში ზრდის ტემპზე ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები?
სტუმარი: გიორგი ხიშტოვანი - PMC-ის კვლევითი ცენტრის დირექტორი;