გიორგი გახარია პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადადგა, ის საქართველოს მინისტრთა კაბინეტს 2019 წლის სექტემბრის შემდგომ მართავდა, შესაბამისად პოსტი 1 წლისა და 5 თვის შემდეგ დატოვა - ამ მაჩვენებლით მასზე ხანგრძლივი მმართველობა "ოცნების" მთავრობიდან ჰქონდათ ირაკლი ღარიბაშვილს (2 წელი და 1 თვე) და გიორგი კვირიკაშვილს (2 წელი და 7 თვე). შესაბამისად, ერთადერთი სრული წელი, რომელიც საქართველომ გიორგი გახარიას პრემიერობის პერიოდში გაატარა იყო 2020 წელი, რაც უპრეცედენტო კრიზისს დაემთხვა. COVID-19-ის და ორი ლოქდაუნის ფონზე საქართველოს ეკონომიკა 1994 წლის შემდეგ რეკორდულად - 6.1%-ით შემცირდა.
2021 წელს კი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებით, საქართველო 4%-ით გაიზრდება, ეკონომიკის შედარებითი აღდგენა კი მრავალ ფაქტორზე, მათ შორის ტურიზმის აღდგენასა და ვაქცინაციის პროცესზე იქნება დამოკიდებული. ჯერჯერობით ტურიზმი კვლავ გაჩერებულია, ვაქცინაცია კი არ დაწყებულა, რაც აღდგენის პროცესზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახრია 2016-2017 წლებში (ძირითადად 2017-ში) ეკონომიკის მინისტრის პოსტს იკავებდა, ამ პერიოდში საქართველო რეგიონული სავალუტო შოკიდან გამოდიოდა და მას 4.8%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, ხოლო "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის მაქსიმალური ეკონომიკური ზრდა საქართველოს 2019 წელს ჰქონდა და ის 5%-ს შეადგენდა. თუმცა, 2018-2019 წლებში საქართველოში განსაკუთრებული ტემპით შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, რაც იქამდე 2014-2017 წლებში საშუალოდ 1.8 მილიარდ დოლარს შეადგენდა, 2018 წელს $1.3 მილიარდამდე შემცირდა და იგივე დონეზე შენარჩუნდა 2019 წელსაც. 2020 წელს კი 3 კვარტლის მდგომარეობით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები დამატებით 24%-ით შემცირდა.
მთლიანობაში "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში საქართველოს ეკონომიკა ორ ეკონომიკურ კრიზისში იმყოფებოდა. პირველი იყო 2014-2015 წლების რეგიონალური სავალუტო კრიზისი, რომლის შედეგადაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდა შემცირდა, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი კი გაუფასურდა.
მეორე კრიზისი კი COVID-19-ს უკავშირდება და მას საქართველო ამჟამადაც გადის. ამ კრიზისის შედეგად, 2020 წელს ეროვნული ვალუტა 14%-ით გაუფასურდა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მისი სიმყარის შენარჩუნებისთვის $800 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის სავალუტო ინტერვენციები განახორციელა.




























