საქართველოს ეკონომიკა, გლობალური გაურკვევლობისა და გეოპოლიტიკური რისკების ფონზე, 2025 წელს სტაბილურად ზრდას განაგრძობს და შეუძლია კიდევ უფრო გაფართოვდეს მწვანე სატრანსპორტო და ენერგეტიკული ქსელების განვითარების გზით, - ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალ ანგარიშში.
ADB-ის მთავარი ეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2025 წელს 6%-ით გაიზრდება. 2026 წელს ეკონომიკური ზრდა 5.0%-მდე შენელდება, რაც მომსახურებისა და ფულადი გზავნილების შემცირებას უკავშირდება.
ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2 აპრილამდე, აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ ახალი ტარიფების გამოცხადებამდე შედგა, ამიტომ საბაზისო პროგნოზებში ასახულია მხოლოდ აქამდე არსებული ტარიფები. თუმცა, ანგარიში აანალიზებს მაღალი ტარიფების შესაძლო გავლენას აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონის ეკონომიკურ ზრდაზე.
ADB-ის მიმოხილვის მიხედვით, 2025 წელს ინფლაციის 4.0%-მდე გაზრდაა მოსალოდნელი, ხოლო 2026 წელს, ეკონომიკური ზრდის შენელებასთან ერთად, ინფლაცია ცენტრალური ბანკის 3.0%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდება. 2025 და 2026 წლებში, სავარაუდოდ, გაიზრდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტიც, რადგან გლობალურ ბაზრებზე გაურკვევლობამ, რაც გავლენას მოახდენს საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორებზე, მოსალოდნელია შეაფერხოს უცხოური ფინანსური ნაკადები.
აზიის განვითარების პროგნოზის მიხედვით, სოფლის მეურნეობის დარგი 2025 წელს 3.9%-მდე გაიზრდება, რაც განპირობებული იქნება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებითა და მდგრადი სასოფლო-სამეურნეო მეთოდების დანერგვით, თუმცა 2026 წელს ზრდის ტემპი 2.8%-მდე შემცირდება. მრეწველობის ზრდა 2025 წელს 4.6%-მდე, ხოლო 2026 წელს 3.1%-მდე შემცირდება, სამშენებლო სფეროს შენელების ფონზე.
სტუმარი: სოსო ბერიკაშვილი - ეკონომისტი