2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 80.9 მილიარდ ლარს შეადგენდა, ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომელიც 2023 წლის დაზუსტებულ ეკონომიკურ პარამეტრებს ასახავს. წინასწარი პროგნოზით, საქართველოს მშპ-ის ზომა გასულ წელს 80.2 მილიარდი ლარი იყო, თუმცა დაზუსტებული ანგარიშით მისი მოცულობა დაკორექტირდა და 80.9 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, დაკორექტირდა 2023 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7.5%-დან 7.8%-მდე.
საქსტატის თანახმად, ეკონომიკური ზრდის პარამეტრის ზრდა ძირითადად ვაჭრობის სექტორს უკავშირდება, რომლის ზომაც თავდაპირველად შეფასებული 10.8 მილიარდის ნაცვლად 11.2 მილიარდი ლარი იყო.
საქსტატი ეკონომიკური ზრდის პარამეტრებს 20 სექტორისთვის ითვლის, მათ შორის ზომით პირველ ადგილზე სწორედ ვაჭრობის სექტორია, თუმცა ეკონომიკური ზრდა ყველაზე მაღალი ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში დაფიქსირდა, რომელიც IT სექტორსაც მოიცავს. გასულ წელს ამ სექტორის ზრდამ 27.5% შეადგინა. მეორე ადგილზე იყო 23.6%-ით პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ხოლო მესამე პოზიცია განათლების სექტორმა დაიკავა 18%-იანი ზრდით.
ამასთან, საქსტატის თანახმად ეკონომიკის ხუთ სექტორში ეკონომიკური ზრდის ნაცვლად კლება დაფიქსირდა, ეს იყო სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, უძრავი ქონების, ჯანდაცვისა და სამთო მოპოვების სექტორები.
სექტორი | სექტორის რეალური ზრდა 2023 წელს | სექტორის ზომა 2023 წელს მილიონობით ლარში |
ინფორმაცია და კომუნიკაცია | 27.5% | 4,208 |
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები | 23.6% | 1,609 |
განათლება | 18.0% | 3,465 |
საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი | 17.8% | 11,244 |
სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება | 15.6% | 4,677 |
მშენებლობა | 15.0% | 5,363 |
ტრანსპორტი და დასაწყობება | 12.3% | 4,308 |
სხვა სახის მომსახურება | 12.1% | 740 |
ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები | 8.5% | 765 |
წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები | 6.1% | 503 |
შინამეურნეობების, როგორც დამქირავებლის, საქმიანობები; არადიფერენცირებული საქონლის და მომსახურების წარმოება შინამეურნეობების მიერ საკუთარი მოხმარებისათვის | 5.2% | 83 |
ხელოვნება, გართობა და დასვენება | 4.9% | 2,772 |
დამამუშავებელი მრეწველობა | 3.0% | 6,758 |
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები | 2.9% | 3,503 |
განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები | 1.5% | 2,691 |
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები | -2.0% | 7,437 |
ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება | -2.5% | 2,047 |
სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა | -3.4% | 4,866 |
ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები | -4.6% | 2,691 |
სამთომოპოვებითი მრეწველობა | -19.6% | 599 |