2023 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორი შემცირდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის ეკონომიკური ზრდის დაზუსტებულ ანგარიშში არის აღნიშნული.
დოკუმენტის თანახმად, სოფლის მეურნეობის სექტორთან ერთად კლება დაფიქსირდა ჯანდაცვის, ენერგეტიკის, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და სამთო მოპოვების სექტორებშიც.
სექტორი | სექტორის ზომა 2023 წელს მილიონობით ლარში | სექტორის რეალური ზრდა 2023 წელს |
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები | 7,437 მილიონი ლარი; | -2.0% |
ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (ენერგეტიკა) | 2,047 მილიონი ლარი; | -2.5% |
სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა | 4,866 მილიონი ლარი; | -3.4% |
ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები | 2,691 მილიონი ლარი; | -4.6% |
სამთო-მოპოვებითი მრეწველობა | 599 მილიონი ლარი; | -19.6% |
სოფლის მეურნეობის სექტორი იმ სახით, რა სახითაც ის ეკონომიკური ზრდის სტატისტიკაში აღირიცხება მოიცავს სოფლის მეურნეობის ნედლეულის პირველად მოყვანას/წარმოებას, მაგალითად, ხორბლის მოყვანა, ყურძნის მოყვანა, თხილის მოყვანა, ხორცის წარმოება, ამ ნედლეულით სხვადასხვა პროდუქტის დამზადება კი უკვე დამმუშავებელი მრეწველობის სტატისტიკაში აღირიცხება. შესაბამისად, საქსტატის თანახმად, გასულ წელს სოფლის მეურნეობაში პირველადი ნედლეულის წარმოების მოცულობა 2022 წელთან შედარებით უფრო მცირე იყო.
სამთო მოპოვების სექტორში კლება, სავარაუდოდ, ფეროშენადნობების მრეწველობის სექტორში არსებულ ვარდნას უკავშირდება, ენერგეტიკის სფეროში კლება კი დაკავშირებულია ელექტროენერგიის ექსპორტის შემცირებასთან.
გასულ წელს საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 7.8% შეადგინა, რაც აქამდე დათვლილ 7.5%-თან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით მეტია.