მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

7.5%-ის ნაცვლად 7.8% - 2023 წელს მშპ-ის ზრდა უფრო მაღალი იყო, ვიდრე საქსტატმა თავდაპირველად დათვალა

ლარი

საქსტატმა 2023 წლის დაზუსტებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასულ წელს საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 7.8% შეადგინა, რაც აქამდე დათვლილ 7.5%-თან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით მეტია.

საქსტატი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების დაზუსტებას და გადათვლას ყოველწლიურად აწარმოებს. 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პირველადი ანგარიში საქსტატმა 2024 წლის მარტში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკის ზომამ გასულ წელს შეადგინა 80.2 მილიარდი ლარი, რაც 2022 წელთან შედარებით 7.5%-ით მეტი იყო, დღეს გამოქვეყნებული დაზუსტებული მონაცემით კი მშპ-ის ზომა 80.9 მილიარდი ლარი იყო, რაც პირველად პროგნოზთან შედარებით 700 მილიონი ლარით მეტია, ამ სხვაობამ კი განაპირობა ის, რომ ქვეყნის ეკონომიკის დაზუსტებულმა ზრდამ 7.8% შეადგინა.

ცვლილება ძირითადად ვაჭრობის სექტორის ზომამ განაპირობა, საქსტატის ახალი შეფასებით გასულ წელს ვაჭრობის სექტორის მიერ შექმნილმა მშპ-მ 11.2 მილიარდი ლარი შეადგინა და სექტორის ზრდა 17.8% იყო, მაშინ როდესაც პირველადი შეფასებით, ამ სექტორის ზომა 10.8 მილიარდ ლარზე იყო შეფასებული, ხოლო სექტორის ზრდა 13.6% იყო.

საქსტატის მშპ-ის ანგარიშის თანახმად, ყველაზე მაღალი 27.5%-იანი ეკონომიკური ზრდა გასულ წელს ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში იყო, რომელიც IT სექტორსაც აერთიანებს, თუმცა, კლება დაფიქსირდა არაერთ სექტორში, მათ შორის ენერგეტიკაში, სამთო მოპოვებაში, სოფლის მეურნეობაში, ჯანდაცვასა და უძრავი ქონების ოპერაციების სექტორში.

უფრო დეტალურად, ეკონომიკის მოცულობა დარგების მიხედვით და თითოეული სექტორის ზრდის/კლების ტემპი 2023 წელს ასე ნაწილდებოდა:

სექტორი სექტორის ზომა 2023 წელს მილიონობით ლარში სექტორის რეალური ზრდა 2023 წელს
საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი 11,244 მლნ ლარი 17.8%
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები 7,437 მლნ ლარი -2.0%
დამმუშავებელი მრეწველობა 6,758 მლნ ლარი 3.0%
მშენებლობა 5,363 მლნ ლარი 15.0%
სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა 4,866 მლნ ლარი -3.4%
სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება 4,677 მლნ ლარი 15.6%
ტრანსპორტი და დასაწყობება 4,308 მლნ ლარი 12.3%
ინფორმაცია და კომუნიკაცია 4,208 მლნ ლარი 27.5%
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები 3,503 მლნ ლარი 2.9%
განათლება 3,465 მლნ ლარი 18.0%
ხელოვნება, გართობა და დასვენება 2,772 მლნ ლარი 4.9%
განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები 2,691 მლნ ლარი 1.5%
ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები 2,691 მლნ ლარი -4.6%
ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება 2,047 მლნ ლარი -2.5%
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები 1,609 მლნ ლარი 23.6%
ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები 765 მლნ ლარი 8.5%
სხვა სახის მომსახურება 740 მლნ ლარი 12.1%
სამთო-მოპოვებითი მრეწველობა 599 მლნ ლარი -19.6%
წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები 503 მლნ ლარი 6.1%
შინამეურნეობების, როგორც დამქირავებლის, საქმიანობები; არადიფერენცირებული საქონლის და მომსახურების წარმოება შინამეურნეობების მიერ საკუთარი მოხმარებისათვის 83 მლნ ლარი 5.2%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები