2003 წელს საქართველოს დამოკიდებულება რუსეთზე 16% იყო, 2012 წელს - 9%, 2024 წელს - 12%, - ამის შესახებ საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლიმ გადაცემა “ანალიტიკაში” ICC საქართველოს მიერ მომზადებულ ინდექსზე საუბრისას განაცხადა, რომელიც ქვეყნის საგარეო ეკონომიკური დამოკიდებულებას ასახავს.
მისი თქმით, რუსეთი საქართველოს ეკონომიკური ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, ვინაიდან ის ჩვენი მეზობელია და მათზე ბევრი მიმართულებით ვართ დამოკიდებულები როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის და გადმორიცხვების მიმართულებით.
„2003 წელს ჩვენი დამოკიდებულება რუსეთზე 16% იყო. 2012 წლისთვის, როცა სააკაშვილმა დატოვა ხელისუფლება, 9% იყო. ამ პერიოდში – 2003–2012 წლებში ჩვენ შევამცირეთ დამოკიდებულება რუსეთზე. 2022 წელს დამოკიდებულებამ 20%–ს მიაღწია. გამოდის, იმაზე მეტადაც გაიზარდა, ვიდრე ეს შევარდნაძის დროს იყო. შემდეგ ისევ შემცირება დაიწყო და 2024 წლის მდგომარეობით, 12%–ია. თითქმის იგივე მაჩვენებელი გვაქვს თურქეთის შემთხვევაში – 11.8%“, - განაცხადა ფადი ასლიმ.
კითხვაზე, პრობლემაა თუ არა საქართველოსთვის რუსეთზე დამოკიდებულების ის მაჩვენებელი, რაც დღეს არის ICC საქართველოს დათვლებით, ფადი ასლი მიიჩნევს, რომ არა.
„არ მგონია, რომ პრობლემაა. ჩვენ ძირითადად დამოკიდებულები ვართ იმპორტის და ექსპორტის ნაწილში. დიდწილად ვიყავით დამოკიდებულები გადმორიცხვებზეც, თუმცა ფულადი ნაკადები 2023–2024 წლებში 1 მილიარდი დოლარით შემცირდა. 2023 წელს ჩვენი ტრანსფერები 4 მილიარდი დოლარი იყო, 2024 წელს 3 მილიარდამდე შემცირდა. ამის მიზეზი სწორედ რუსეთია – რუსეთიდან გადმორიცხვები 2023 წელს 1.5 მილიარდი დოლარიდან 2024 წელს 500 მილიონ დოლარამდე შემცირდა. ეს ძალიან დიდი შემცირებაა“, - აღნიშნა მან.
რაც შეეხება ევროკავშირზე დამოკიდებულების მაჩვენებელს, ფადი ასლის თქმით, ის ძალიან სტაბილურია – მუდმივად 20%–ის ფარგლებშია 2023 წლიდან მოყოლებული და ნომერ პირველი პარტნიორია საქართველოსთვის.
„ერთი ტენდენცია, რაც წელს შევნიშნეთ ის არის, რომ სხვა ქვეყნების კატეგორია – აქ ის ქვეყნები შედიან, რომელთა დამოკიდებულებაც იმდენად მცირეა, რომ მათი იდენტიფიცირება რთულდება – თუ 2023 წელს მთლიანი ეკონომიკური აქტივობის 12% იყო, ახლა 14%–ია. ამ ეტაპზე ეს არის ერთიანი სურათი“, - დასძინა მან.
ამასთან, საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის თქმით, ჩინეთზე დამოკიდებულებაც გაზრდილია, ძირითადად იმპორტის ხარჯზე.
„სხვა ფაქტორების მიხედვით – იქნება ეს ექსპორტი, ტრანსფერები, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თუ ტურიზმი – არცერთი ამ მიმართულებით ზრდა არ გვაქვს. თუმცა, ჩინეთიდან იმპორტი გაზრდილია და ამის გამოა გაზრდილი დამოკიდებულების მაჩვენებელიც – 1%–ით 2023 წელთან შედარებით“, - აღნიშნა მან.
სხვა ცენტრალური აზიის ქვეყნებზე საუბრისას კი გამოყო ყაზახეთი, რომლის შემთხვევაშიც ფადი ასლის თქმით, მაჩვენებლები გაუმჯობესებულია. მისი განმარტებით, აქ მთავარი მიზეზი ტურიზმია, ვინაიდან დღეს ყაზახეთიდან საკმაოდ ბევრი ტურისტი შემოდის.
საერთო ჯამში, ფადი ასლის თქმით, საქართველოს ეკონომიკა დივერსიფიცირებულია.
„ვფიქრობ, როცა შენს ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორზე დამოკიდებულება 20%–ია და შემდეგ, ნომერ მეორე პარტნიორი 12%–იანი მაჩვენებლით არის წარმოდგენილი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ეკონომიკური დამოკიდებულება დივერსიფიცირებულია“, - განაცხადა მან.
ცნობისთვის, საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატა ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსს 2022 წლიდან ითვლის. ინდექსი გამოითვლება ისეთი პარამეტრებით როგორიცაა იმპორტი; ექსპორტი; ფულის ნაკადი; პირდაპირი უცხოური ინვესტიციები; შემოსავლები საერთაშორისო მოგზაურობიდან. თითოეული ქვეყნის ეკონომიკური წონა პროპორციულია იმ პროცენტისა, რომელსაც ეს ქვეყანა წარმოადგენს საერთო ჯამიდან და მშპ-დან.




























