მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის დიდი ნაწილი გერმანული შეღავათიანი სესხებით დაფინანსდა - პეტერ ფიშერი

პეტერ ფიშერი

"საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის დიდი ნაწილი გერმანული შეღავათიანი სესხებით დაფინანსდა – ხალხი ხან ამბობს, ეს ხომ სესხიაო, მაგრამ ეს ისეთი სესხია, რასაც ბანკში ვერ აიღებ, – ეს გერმანელი ხალხის საჩუქარია", - ეს "ბათუმელებთან" გერმანიის ელჩმა საქართველოში განაცხადა.

ინტერვიუში პეტერ ფიშერმა სხვა დახმარებებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ოფიციალური განვითარების დახმარების (ODA) ფარგლებში, საქართველომ გერმანიისგან 2 მლრდ ევრო მიიღო.

"ოფიციალური განვითარების დახმარების (ODA) ფარგლებში, დამრგვალებული ციფრი რომ ავიღოთ, ეს არის დაახლოებით 2 მილიარდი ევრო. ეს მხოლოდ ოფიციალური განვითარების დახმარება.

ნაწილი გრანტია, შეღავათიანი სესხი, ტრენინგი და ა.შ. აშშ-სთან ერთად, ჩვენ საქართველოს ნომერ პირველი პარტნიორი ვიყავით. როცა ჩამოვედი, მაშინდელმა პრემიერმა [ირაკლი ღარიბაშვილმა] მითხრა: „თქვენ ჩვენი ყველაზე დიდი დამხმარე ხართ განვითარებაში, მადლობა გერმანიას“.

საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის დიდი ნაწილი გერმანული შეღავათიანი სესხებით დაფინანსდა – ხალხი ხან ამბობს, ეს ხომ სესხიაო, მაგრამ ეს ისეთი სესხია, რასაც ბანკში ვერ აიღებ, – ეს გერმანელი ხალხის საჩუქარია.

წყალმომარაგება – ბათუმის წყალი თითქმის მთლიანად გერმანიის დამსახურებაა.

ეროვნული პარკების სისტემა, ტყის დაცვის პროგრამა – გერმანისგანაა და ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

პროფესიული განათლება – ჩვენ უზარმაზარი ინვესტიცია ჩავდეთ ამაში. გერმანიამ დააფინანსა და დაწერა პროფესიული განათლების სახელმძღვანელო ქართველი მეღვინეებისთვის. ეს ხომ ძალიან დიდი ამბავია საქართველოსთვის – ის გერმანულია!

ჩვენ ამას სიამოვნებით, მეგობრობით ვაკეთებდით. კერძო სექტორის განვითარება. არ დაგავიწყდეთ გოეთეს ინსტიტუტი, რომელიც 40 წელია აქ არის. გვაქვს გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD), რომელიც ასობით სტიპენდიას გასცემს. კიდევ ერთხელ ვამბობ – თქვენი ზოგიერთი წამყვანი პოლიტიკოსი ამ სტიპენდიების ბენეფიციარი იყო.

ჩვენი პოლიტიკური ფონდები ეხმარებოდნენ საქართველოს შრომითი უფლებების, ქალთა და უმცირესობების უფლებების დაცვაში. ეხმარებოდნენ კანონმდებლობაში. ასე რომ უამრავი რამ გაგვიკეთებია, 2 მილიარდი ევრო – ეს მხოლოდ ოფიციალური დახმარებაა, რასაც ემატება კულტურა, სტიპენდიები; რა თქმა უნდა არ ითვლება კერძო ინვესტიციები და ამას ვერც დავთვლით.

ეს ყველაფერი იმაზე იყო აგებული, რომ საქართველო და გერმანია ერთი მიმართულებით მიდიან – ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ახლა დახმარება შემცირდება, რადგან ეს საფუძველი დღეს ძალიან საეჭვო გახდა", - ამბობს ფიშერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები