Galt & Taggart-ის ელექტროენერგიის ბაზრის ანგარიშის თანახმად, 2025 წელს 2 ჰიდრო და 6 მზის მცირე ელექტროსადგური ამოქმედდა - ჯამური სიმძლავრე 23 მეგავატი იყო, რაც 2024 წლის მაჩვენებელსაც ჩამორჩება [47 მეგავატი].
საქართველოს ენერგეტიკის სექტორში, წლებია, ერთგვარი პარადოქსული მდგომარეობაა - ერთ მხარეს გვაქვს ენერგოდამოუკიდებლობის აქტები, დარგის მხარდამჭერი CFD მექანიზმი თუ ათწლიანი განვითარების გეგმები, რომელთა თანახმად, ენერგოსისტემას ყოვეელწლიურად ასობით მეგავატის ახალი სიმძლავრე უნდა შეემატოს, ხოლო მეორე მხარეს - რეალობა, სადაც ახალი სიმძლავრეების ექსპლუატაციაში შესვლა ნელი ნაბიჯებით მიმდინარეობს.
პროგნოზები ენერგეტიკაში და რეალობა
„ეს ორი მოცემულობა ერთმანეთს არ ელაპარაკება“ - აცხადებს საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსი მარიამ ჩახვაშვილი BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში, სადაც მან ვრცლად მიმოიხილა საქართველოს ენერგოსექტორის მიმდინარე მდგომარეობა, საინვესტიციო გარემო და ის სისტემური ბარიერები, რომლებიც დარგის განვითარებას აფერხებს.
„ჯერ კიდევ ზაფხულში, როდესაც პროგნოზებს ვაკეთებდით, ვვარაუდობდით, რომ 2025 წლის ბოლომდე ექსპლუატაციაში 130 მეგავატამდე სიმძლავრე შევიდოდა, თუმცა რეალურად მხოლოდ 23 მეგავატი მივიღეთ, რაც მოლოდინზე გაცილებით ნაკლებია. მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიერ გამოქვეყნებულ 10-წლიან გეგმაში ყველაფერი იდეალურად არის გაწერილი. ამ დოკუმენტის მიხედვით, ათი წლის თავზე საქართველო ხდება წმინდა ექსპორტიორი ქვეყანა და დადგმული სიმძლავრეები სამჯერ იზრდება. ფურცელზე ეს პოტენციალი ნამდვილად ჩანს და ჩვენც ამ მონაცემებს მაქსიმალურად დეტალურად ვამუშავებთ.
თუ შევხედავთ გაფორმებულ მემორანდუმებს, CFD აუქციონებსა და პირდაპირი მოლაპარაკების საფუძველზე შეტანილ განაცხადებს, ჯამური მოცულობა თავიდან 18 გიგავატამდეც კი ადიოდა. გარკვეული პროექტები გაუქმდა, ნაწილი ხელახლა გამოცხადდა, თუმცა საბოლოო ჯამში, მაინც 15 გიგავატზეა საუბარი ანუ ერთ მხარეს გვაქვს პროგნოზი, რომ 15 გიგავატის პროექტები არსებობს, საიდანაც ჩვენ რეალისტურად მხოლოდ 4 გიგავატს მივიჩნევთ, თუმცა ვხედავთ, რომ ჩვენი ეს პროგნოზიც კი ფერხდება.
ჩვენი ანალიტიკური გათვლებით, 10 წელიწადში მაქსიმუმ 4.5-5 გიგავატის ათვისებაა შესაძლებელი. მეორე მხარეს კი, გვაქვს რეალობა, სადაც ბოლო 4-5 წლის განმავლობაში სისტემას წელიწადში საშუალოდ მხოლოდ 50 მეგავატი ემატება. ეს ორი მოცემულობა ერთმანეთს სრულიად არ „ელაპარაკება“. როდესაც ინვესტორი მოდის და გვკითხავს: „რანაირი ანალიტიკოსები ხართ, როცა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ზრდა მხოლოდ 50-100 მეგავატია, თქვენ კი მეუბნებით, რომ მომავალ ხუთ წელიწადში ხუთი გიგავატი დაემატება?! საიდან ან როგორ?“... შემდეგ ჩვენ მათ ვუდებთ იმ პროექტების სიას, რომლებიც რეალისტურად მიგვაჩნია.
ფაქტია, ყველა პროექტს აქვს დაგვიანების პრობლემა, რაც სიღრმისეულ შესწავლას მოითხოვს“, - განმარტავს მარიამ ჩახვაშვილი.
ოთხი ბარიერი, რომელიც ენერგეტიკაში მშენებლობის ტემპს აფერხებს
რატომ აგვიანდება ენერგეტიკაში პროექტებს? - ანალიტიკოსი გამოყოფს ოთხ ძირითად მიზეზს, რომლებიც სისტემურად აფერხებენ ინვესტიციების რეალურ პროექტებად ქცევას:
- მოსახლეობის განწყობები და სოციალური რისკი - მარიამ ჩახვაშვილის თქმით, ეს რჩება ნომერ პირველ პრობლემად, განსაკუთრებით ჰიდროელექტროსადგურების შემთხვევაში. ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის ნაკლებობა ან წინასწარ არსებული ნეგატიური განწყობები ხშირად აჩერებს პროექტებს, რომლებიც ტექნიკურად და ფინანსურად სრულიად გამართულია.
- ტექნიკური დამუშავება და „მოულოდნელობები“ - Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსი ხსნის, რომ ხშირად, კვლევის (Feasibility Study) ეტაპზე დაშვებული შეცდომები ან მშენებლობის პროცესში აღმოჩენილი გეოლოგიური თუ ტექნიკური სირთულეები ვადების გადაწევას იწვევს. „ენერგეტიკა მაღალტექნოლოგიური დარგია, სადაც ნებისმიერი გაუთვალისწინებელი დეტალი პროექტს თვეებით ან წლებით აფერხებს“, - ამბობს ის.
- ბიუროკრატიული ლაბირინთები - მარიამ ჩახვაშვილის შეფასებით, ბიუროკრატია ყველა დონეზე ვლინდება - მუნიციპალური ნებართვებიდან დაწყებული, ცენტრალურ მთავრობასთან მემორანდუმების გაფორმებით დამთავრებული. პროცედურების გაჭიანურება ინვესტორისთვის დამატებით ხარჯს და გაურკვევლობას ნიშნავს.
- გენერაციის ობიექტის ქსელთან დაერთების პრობლემა - მარიამ ჩახვაშილის თქმით, ხშირად ინვესტორი არ აჩქარებს მშენებლობას, რადგან ხედავს, რომ სახელმწიფო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას აგვიანებს. თავის მხრივ, ქსელის ოპერატორიც არ ჩქარობს ინფრასტრუქტურის მოწყობას, რადგან არ არის დარწმუნებული, რომ დეველოპერი სადგურს დროულად დაასრულებს. ეს ორმხრივი უნდობლობა და კოორდინაციის ნაკლებობა პროექტების საერთო შეფერხებას იწვევს.
CFD მექანიზმის ეფექტის ენერგეტიაში|რა შეცვალა თამაშის ახალმა წესებმა?
ენერგეტიკაში „უძრაობის ხანის“ დასრულების მცდელობა დაკავშირებულია CFD (Contract for Difference) მექანიზმის შემოღებასთან. 2017-2021 წლებში, როდესაც არც ძველი PPA (ელექტროენერგიის შესყიდვის გარანტირებული ხელშეკრულება) არსებობდა და არც ახალი მექანიზმი, სექტორი, ფაქტობრივად, გაჩერებული იყო - ეს მთავრობამ და კერძო სექტორმა ერთობლივად აღიარა.
მარიამ ჩახვაშვილის შეფასებით, CFD-მ ბაზარს პროგნოზირებადობა შესძინა. „როდესაც ინვესტორმა არ იცის, რა ფასად გაყიდის ენერგიას მომავალში (განსაკუთრებით დაანონსებული, მაგრამ გაჭიანურებული ბაზრის რეფორმის ფონზე), გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია. CFD კი 15-წლიან გარანტიას იძლევა, რაც საბანკო დაფინანსების მოზიდვის მთავარი წინაპირობაა“, - აცხადებს ენერგეტიკის სექტორის ანალიტიკოსი.
რაც შეეხება სექტორულ პრიორიტეტებს, მარიამ ჩახვაშვილის დაკვირვებით, ინვესტორისთვის ყველაზე მიმზიდველი მზის სადგურებია - აქ ტექნოლოგია მარტივია, ხარჯები - პროგნოზირებადი, ხოლო უკუგება - მაღალი. სწორედ ამიტომ, დღეს მზის სადგურებზე ინტერესი (6-7 გიგავატი) ბევრად აღემატება სახელმწიფოს მიერ დაწესებულ ლიმიტს (1.25 გიგავატი).
ჰიდროენერგეტიკა კი ყველაზე რთულ მდგომარეობაშია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ენერგოსისტემის სტაბილურობისთვის სწორედ მარეგულირებელი ჰესებია სასიცოცხლო, დაბალი უკუგებისა და მაღალი რისკების გამო, ინვესტორები ჰიდროში ინვესტირებას ერიდებიან. „ყველაზე დაბალი ინტერესი არის ჰიდროს პროექტებში, რადგან ბევრ კომპონენტიანია, მაღალ რისკიანია, დიდი ხანი სჭირდება მშენებლობას, დაგვიანების პერიოდი მაღალი აქვს“, - ამბობს ის.
სექტორული პრიორიტეტები: მზე და ქარი vs ჰიდრო
|
მახასიათებელი |
მზის ენერგია |
ქარის ენერგია |
ჰიდროენერგია (HPP) |
|
CFD გარანტია |
12 თვე (სრული წელი) |
9 თვე (~66%) |
50-60% (თვეების მიხედვით) |
|
მშენებლობის სირთულე |
დაბალი |
საშუალო |
მაღალი |
|
რისკები |
მინიმალური |
საშუალო |
ძალიან მაღალი |
|
IRR (უკუგება) |
17-18% |
17-18% |
13-15% |
ამასთან, მარიამ ჩახვაშვილის დაკვირვებით, თუ ადრე სექტორში უცხოური კაპიტალი დომინირებდა, დღეს ქართველი ინვესტორები ბევრად უფრო აქტიურები არიან. „ადრე თუ უფრო მეტი უცხოელი ინვესტორი გვხვდებოდა, ახლა ქართველების ინტერესიც მაღალი არის. ალბათ CFD-მ გამოიწვია“, - აღნიშნა მან.
რა სჭირდება ენერგეტიკის დარგს რეალური გარღვევისთვის|მარიამ ჩახვაშვილის მოლოდინი
საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსის შეფასებით, იმისთვის, რომ ქვეყანამ რეალურად აითვისოს თავისი პოტენციალი, საჭიროა:
- კოორდინირებული მუშაობა: ენერგეტიკული სისტემის ქსელის განვითარება უნდა დაეწიოს გენერაციის ობიექტების მშენებლობის ტემპს.
- ჰიდროენერგეტიკის წახალისება: სახელმწიფომ უნდა იფიქროს დამატებით სტიმულებზე მარეგულირებელი ჰესებისთვის, რადგან მხოლოდ მზისა და ქარის იმედად სისტემა ვერ იქნება სტაბილური.
- ბიუროკრატიის ოპტიმიზაცია: ნებართვების გაცემის პროცესი უნდა გახდეს უფრო სწრაფი და გამჭვირვალე.
მარიამ ჩახვაშვილმა „წერტილთან“ ინტერვიუში რამდენჯერმე აღნიშნა, რომ საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მარეგულირებელი (რეზერვუარიანი) ჰიდროსადგურების მშენებლობა.
„მე როგორც ენერგეტიკის სექტორის გულშემატკივარს, მინდა, კარგად მესმოდეს დიდ პროექტებზე რა ნაბიჯებს ვდგამთ. ქვეყნისთვის რეზერვუარიანი სადგურები კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ეს, პირველ რიგში, ზამთრის სეზონურობის და ასევე, დღე-ღამის სეზონურობის დაბალანსების საშუალებას მოგვცემს; მეორე მხრივ კი, დაგვეხმარება ქარისა და მზის ენერგიის ინტეგრაციაში... ნებისმიერი რეგულირებული ჰიდროსადგური [არ აქვს მნიშვნელობა, ეს ნამახვანი იქნება თუ ხუდონჰესი], რომელიც 4-5 საათიან რეზერვს მოგვცემს, უკვე დიდი შეღავათია სისტემისთვის. სასურველი იქნებოდა, წლის ბოლომდე ვიცოდეთ, როგორია მთავრობის ხედვა ამ მიმართულებით“, - ამბობს მარიამ ჩახვაშვილი.




























