მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ეროვნული ბანკი ოქტომბრის "მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს" აქვეყნებს

ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი ოქტომბრის "მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს" აქვეყნებს - დოუმნეტში საუბარია იმ ძირითადი მაკროეკონომიკური ტენდენციების შესახებ, რომელთა გათვალისწინებითაც ეროვნულმა ბანკმა დღეს რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად 10%-ზე შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო. ეს პარამეტრებია:

ძირითადი მაკროეკონომიკური ტენდენციები

ინფლაცია

  • საქართველოში ინფლაცია კვლავ დაბალია და მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელზე ქვემოთ ნარჩუნდება
  • დაბალ ინფლაციას პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომიდან მომდინარე ფასებზე ზეწოლის შესუსტება განაპირობებს. ამასთანავე, ინფლაციის კლებას ეროვნული ბანკის მკაცრი მონეტარული პოლიტიკა უზრუნველყოფს.

ეკონომიკური ზრდა

  • 2023 წლის მეორე კვარტალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი წლიურად 7.5%-ით გაიზარდა.
  • 2023 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკის მაღალ ზრდას მნიშვნელოვანწილად ძლიერი საგარეო შემოდინებები განაპირობებდა. წმინდა ექსპორტის წვლილი, საბაზო ეფექტის გამო, გასულ წელთან შედარებით საშუალოდ შემცირებულია, თუმცა მეორე კვარტალში კვლავაც მოწინავეა.

ფინანსური სექტორი

  • ბოლო თვეების მანძილზე სესხების ზრდის ტემპი შედარებით დაჩქარდა, რისი ძირითადი წყაროც გაზრდილი ბიზნეს სესხებია, უმეტესწილად უცხოურ ვალუტაში.
  • დეპოზიტების დოლარიზაცია შემცირების ტენდენციას ინარჩუნებს, ხოლო სესხების დოლარიზაციის შემცირების ტენდენცია შენელდა, რასაც ეროვნული ბანკი ყურადღებით აკვირდება
  • მნიშვნელოვანია, რომ დოლარიზაციის შემცირების პროცესი კვლავ გაგრძელდეს, რასაც ხელს შეუწყობს, მათ შორის, ბოლო პერიოდში მიღებული მაკროპრუდენციული ზომები

მაკროეკონომიკური პროგნოზი

  • საბაზო პროგნოზით, მოკლევადიან პერიოდში ინფლაცია მის მიზნობრივ დონეზე დაბლა შენარჩუნდება, თუმცა იგი უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ამას წინა კვარტალში მოველოდით. კერძოდ, წლის ბოლოს ინფლაციის მაჩვენებელი საშუალოდ 1%-მდე გაიზრდება, ხოლო მომდევნო წელს, ნაწილობრივ საბაზო ეფექტის გათვალისწინებითაც, მიზნობრივ დონეს გადააჭარბებს და წლის მეორე ნახევარში მის გარშემო დასტაბილურდება.
  • მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა გლობალურად არასტაბილურ გარემოს ქმნის და ინფლაციის პროგნოზის გარშემო დამატებით გაურკვევლობას აჩენს. არსებულ შოკებს დაემატა გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ახალი ფაქტორი, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის სახით.
  • ეკონომიკური აქტივობის კუთხით, 2023 წელს რეალური მშპ 6%-ით, ხოლო 2024-ში კი - 5%-ით გაიზრდება. ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ მთავარ ხელშემწყობ ფაქტორად კვლავ პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის პოტენციალის მოსალოდნელზე უფრო სწრაფი აღდგენა გვევლინება, რასაც მიმდინარე პერიოდში საწარმოო ფაქტორების გაზრდილი პროდუქტიულობა და ინვესტიციები ასტიმულირებს.
  • მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და რისკების გათვალისწინებით, სხვა თანაბარ პირობებში, საქართველოს ეროვნული ბანკი პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზებას მხოლოდ ნელი ტემპით გააგრძელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები