ევრობასკეტი 2022 - წლის ყველაზე მნიშვნელოვანი საკალათბურთო ღონისძიებაა, როგორც მონაწილე ქვეყნების სპორტული მიღწევების, ასევე, ქვეყნის, როგორც მასპინძლისა და ორგანიზატორის საერთაშორისო მნიშვნელობის სტატუსის თვალსაზრისით. საქართველომ ევრობასკეტის მასპინძლობის უფლება იტალიასთან (მილანი), გერმანიასთან (კიოლნი, ბერლინი) და ჩეხეთთთან (პრაღა) ერთად 2019 წელს მოიპოვა, რაც ჩვენი ქვეყნის მიმართ, ევროპის სპორტული საზოგადოების მხრიდან ნდობის გამოხატულებაა.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით, თბილისი მსოფლიო ყურადღების ცენტრში ექცევა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი და საკალათბურთო რეიტინგის მოწინავე ნაკრები გუნდების მასპინძლობით. თბილისს ეწვევიან უმაღლესი რანგისა და მნიშვნელობის სტუმრები და გულშემატკივრები, რაც ჩვენი ქვეყნის სპორტული ტურიზმის პოპულარიზაციას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ ქართულ კალათბურთს წელს 100 წელი უსრულდება. ევრობასკეტი 2022 - ის მასპინძლობას კი სპორტის ეს სახეობა ახალ საფეხურზე გადაჰყავს. სწორედ ამიტომ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ევრობასკეტი 2022 - ის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოუშვა.
საკოლექციო მონეტის დიზაინი ღია კონკურსის წესით შეირჩა. მონეტის ავერსის ესკიზი - ალექსანდრე ვერულაშვილმა, ხოლო რევერსის ესკიზი - სოფიო წიქარიძემ მოამზადეს. მონეტა ბადენ-ვიურტემბერგის (გერმანია) სახელმწიფო ზარაფხანაში 5000-იანი ტირაჟით მოიჭრა და მისი სარეალიზაციო ფასი 70 ლარია.
მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს კალათბურთის ფარისა და ბურთის სტილიზებული გამოსახულება. მარჯვენა მხარეს კი სტილიზებული სახით შესრულებულია ნომინალის აღმნიშვნელი წარწერა „5 ლარი“. წრიულ რკალზე მარჯვენა ნაწილში დატანილია წარწერები „ქართული კალათბურთი - 100 წელი” და „საქართველო . Georgia“, რომელთა შორის გამოსახულია ევრობასკეტის თასი.
მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ცენტრში განთავსებული ევრობასკეტი 2022-ის ლოგო ქვეყნისა და ქალაქის წარწერით, კალათბურთის ბურთის კონტურული გამოსახულების ფონზე. მონეტის ქვედა მარცხენა ნაწილში დატანილია გამოშვების წელი „2022“.
საკოლექციო მონეტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ სებ-ის ვებ-გვერდზე.
(NS)