მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ერთი მოქალაქე წლის განმავლობაში 279 კგ მყარ ნარჩენს გამოიმუშავებს - სტატისტიკა მზარდია

მყარი ნარჩენები, ნაგავი, ნაგავსაყრელი, პოლიგონი

საქართველოს ერთი მცხოვრები წლის განმავლობაში 279 კილოგრამ მყარ ნარჩენებს გამოიმუშავებს, სტატისტიკა წლიდან წლამდე მზარდია, შედეგად გასულ წელს ქვეყნის მუნიციპალურ პოლიგონებზე 1.04 მილიონი ტონა ნარჩენები დაიყარა.

საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში მყარი ნარჩენების გამომუშავება წლიდან წლამდე მზარდია. მაგალითად 2020 წელს ერთი მცხოვრების მიერ გამომუშავებული მყარი ნარჩენები 261 კილოგრამი იყო, ხოლო 2015 წელს 208 კილოგრამი.

შესაბამისად, საქართველოს ერთი მცხოვრები დღეში 765 გრამ მყარ ნარჩენებს ქმნის, 2015 წელს კი ეს 570 გრამი იყო. შედარებისთვის, აშშ-ში ერთი მცხოვრების მიერ გამომუშავებული მყარი ნარჩენები დღეში 2.6 კილოგრამია.

საქსტატის ანგარიში მოიცავს უშუალოდ მუნიციპალურ პოლიგონებზე თავმოყრილ მყარ ნარჩენებს, შესაბამისად მასში არ შედის მოსახლეობის მიერ წარმოებული ის მყარი ნარჩენები, რომლებიც დაიყარა, თუმცა მათი საბოლოო თავმოყრა მუნიციპალურ პოლიგონზე აღარ მომხდარა. ეს მოიცავს ისეთ მუნიციპალიტეტებს, სადაც ნარჩენების ორგანიზებული შეგროვება სხვადასხვა მიზეზის გამო სრულფასოვნად არ ხდება, რის გამოც ნარჩენები ან იმპროვიზებულ სივრცეებში (მდინარის ღელე ან სხვა ტერიტორია), არასისტემური სახით იყრება.

შესაბამისად, ამ მილიონ ტონა მყარ ნარჩენებში არ შედის უპასუხისმგებლო მოქალაქეების მიერ პიკნიკის შემდეგ ტყეში დატოვებული ნარჩენები, თუ სხვა მყარი ნარჩენები, რომელთა საბოლოო შეგროვებაც არ მომხდარა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები