სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრობის სლოვენიელი კანდიდატი, მარტა კოსი ამბობს, რომ საქართველოს ევროპულ გზაზე დაბრუნების წინაპირობა ევროპული ღირებულებები საწინააღმდეგო კანონების ["რუსული კანონი" და ანტი-ლგბტ კანონი] გაუქმებაა. ამის შესახებ მან ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც მისი მოსმენა გაიმართა.
მან აღნიშნა, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესი სწორედ ამ კანონების და მთავრობის ქმედებების გამო შეჩერდა.
მარტა კოსმა თქვა, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავალი დამოკიდებული იქნება საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე და თავად მზადაა, ჩართულობისთვის, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის გზაზე მტკიცედ დაბრუნებას გადაწყვეტს.
"კიდევ არის იმედი, რომ დემოკრატიული ძალების მხარდაჭერით, და შესაძლოა ასევე მთავრობის ქმედებებით, ისინი დაუბრუნდებიან ევროპულ გზას. და თუ ამას გაკეთებას გადაწყვეტენ, მე ვიქნები პირველი, ვინც ამ პროცესს გააგრძელებს, თუმცა გარკვეული პირობები უნდა შესრულდეს. მიზეზი, რის გამოც მოლაპარაკებები შევწყვიტეთ არის კანონები, რომლებიც არაა შესაბამისობაში ევროპულ ღირებულებებთან. პირველი წინაპირობა იქნება, რომ მოიშორონ კანონები, რომლებიც ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება",- განაცხადა მარტა კოსმა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ.
მან საქართველოს ევროკავშირის გზაზე დარჩენის უზრუნველყოფის მცდელობა ერთ-ერთ პრიორიტეტად დაასახელა.