“გვინდა, მხარი დავუჭიროთ საქართველოს პოლიტიკურ მისწრაფებას, გახდეს ევროკავშირის წევრი”, - ამის შესახებ მონტენეგროს პრემიერ-მინისტრმა, დრიტან აბაზოვიჩმა, “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე” სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი თავად მონტენეგროსაც აქვს.
“ჩვენს ქვეყანას საკმაოდ მკაფიო საგარეო პოლიტიკა აქვს, ჩვენი მიზანი ნათელია - გვინდა ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდეთ. ამ კუთხით, გვინდა, მხარი დავუჭიროთ სხვა ქვეყნების პოლიტიკურ მისწრაფებას, რომლებსაც ასევე უნდათ, ევროკავშირის წევრი გახდნენ, მათ შორის საქართველოს და სხვა ქვეყნებს.
მიგვაჩნია, რომ ღია კარის პოლიტიკა მთავარი პრინციპი უნდა გახდეს. ქვეყნებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რომელ ორგანიზაციას შეუერთდნენ და რომელ კლუბში გაწევრიანდნენ ისე, რომ სხვა ქვეყნებისთვის პრობლემები არ გამოიწვიონ”, - აცხადებს აბაზოვიჩი.
ცნობისთვის, მონტენეგრო ევროკავშირთან მოლაპარაკებებს 2012 წლიდან აწარმოებს. ევროკომისიის ცნობით კი მათი საკითხი 2025 წლამდე განიხილება.