მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მდგრადობის გეგმა ეკოლოგიური გამოწვევების საპასუხოდ

ნინო ზამბახიძე
29.07.24 12:25
230

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია 2012 წელს დაფუძნებული ქოლგა ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს 5000-ზე მეტ ფერმერს, ფერმერთა ჯგუფებსა და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის ასოციაციებს. ორგანიზაცია ფერმერებს სთავაზობს აგრობიზნესის განვითარებისათვის საჭირო მხარდამჭერ სერვისებს და მათი გაძლიერებით მხარს უჭერს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაზრდასა და ფერმერთა კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ევროპის ფერმერთა და აგროკოოპერატივთა გაერთიანების COPA-COGECA-ს პრივილეგირებული პარტნიორი და მსოფლიო ფერმერთა ასოციაციის წევრია.

რა შესაძლებლობებს აჩენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, როგორ უნდა მოდიოდეს საქართველოში წარმოებული აგრონომიული პროდუქტი შესაბამისობაში საექსპორტო მოთხოვნებთან და რა როლს ასრულებს ამ პროცესში ფერმერების მიერ კორპორაციული მდგრადობის პრინციპების დაცვა - საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე საუბრობს.

2023 წლის დეკემბერში საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო. რატომ არის მნიშვნელოვანი ეს წარმატება ქართველი ფერმერებისთვის?

კანდიდატის სტატუსი ჩვენი ქვეყნისთვის ახალი პერსპექტივებისა და შესაძლებლობების გაჩენას ნიშნავს. სოფლის მეურნეობის კუთხით რეფორმები დაჩქარდება, რაც, თავის მხრივ, დამატებით დაფინანსებას გულისხმობს. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ფერმერების ცოდნისა და ფერმერული მეურნეობების გაძლიერებას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ახალი სტანდარტების დანერგვას.

გარდა ფერმერული მეურნეობებისა, ევროკავშირის პოლიტიკა ითვალისწინებს სოფლის განვითარებას, რაც გულისხმობს სოფლად ინფრასტრუქტურის (გზების, სკოლების, ბაღების და ა.შ.) გაუმჯობესებას და სოფლის ეკონომიკის დივერსიფიკაციას (არასასოფლო-სამეურნეო ბიზნესების განვითარებას, სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვების განვითარებას, ფერმების გამსხვილებას და, რაც მთავარია, საოჯახო ფერმერული მეურნეობის მხარდაჭერას). ზემოაღნიშნული კი შეამცირებს სოფლიდან მიგრაციას და უზრუნველყოფს ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორისთვის ევროკავშირის ბაზარზე შესვლა ძალიან დიდი შესაძლებლობაა, მაგრამ ამავდროულად გამოწვევად რჩება სტანდარტების დაკმაყოფილება. ფერმერთა ასოციაცია წლებია ქართველი ფერმერების და, ზოგადად, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მუშაობს. რა არის ამ მხრივ მთავარი გამოწვევა და როგორ ეხმარება ფერმერთა ასოციაცია ფერმერებს ევროკავშირის ბაზარზე წვდომაში?

სტანდარტების დაკმაყოფილება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში 2017 წლიდან შევქმენით პირველადი წარმოების ადგილობრივი სტანდარტი, რომელიც ფერმერს ეხმარება მიუახლოვდეს ევროკავშირის ბაზარს. ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ხარისხიან, უვნებელ და მიკვლევად პროდუქტზე ხელმისაწვდომობა ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.

მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილებას სჭირდება თანამედროვე ცოდნა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და თანამედროვე ტექნოლოგიები. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია სწორად ამ საკითხებზე მუშაობს. იმ ფერმერებისთვის, რომლებიც ხარისხის სტანდარტებს დააკმაყოფილებენ, ხელმისაწვდომი გახდება ევროკავშირის 500 მილიონიანი მაღალმსყიდველობითუნარიანი ბაზარი.

რა უნდა გააკეთოს ფერმერმა იმისთვის, რომ მისმა პროდუქციამ დააკმაყოფილოს საექსპორტო მოთხოვნები? და რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროცესში ფერმერების მიერ კორპორაციული მდგრადობის პრინციპების დაცვით საქმიანობა?

იმ პირობებში, როცა გლობალურ ბაზარზე სხვადასხვა ქვეყნის ფერმერები ცდილობენ თავიანთი პროდუქციის რეალიზაციას, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ფერმერმა აწარმოოს კონკურენტუნარიანი პროდუქტი. ეს შეეხება როგორც ჯიშობრივ და გემოვნურ მახასიათებლებს, ასევე წარმოებული პროდუქციის ხარისხს, შესაბამის შეფუთვას, პროდუქციის უვნებლობას, შეთავაზებულ ფასს და სტაბილურ მიწოდებას. ამ მიზნის მისაღწევად, ფერმერთა შორის კოოპერაცია და მდგრადი მიდგომები ბაზარზე წარმატებულ პოზიციონირებას უზრუნველყოფს.

რა სახის დახმარება სჭირდებათ ყველაზე მეტად ფერმერებს იმისთვის, რომ შეძლონ ევროკავშირის ან სხვა ნებისმიერი ქვეყნის ბაზარზე შესვლა? რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხარდაჭერა ამ პროცესში?

ხშირ შემთხვევაში, ფერმერებს უჭირთ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება, როგორც წარმოების ასევე გაყიდვების კუთხით. მნიშვნელოვანია ფერმერების მეტი ინფორმირებულობა საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე პროცესების, არსებული რეგულაციების და მოთხოვნების შესახებ, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესებდა როგორც წარმოების დაგეგმვისა და სანიმუშო პრაქტიკების დანერგვის პროცესი, ასევე სხვადასხვა ბაზარზე დივერსიფიცირების შესაძლებლობები. ღირებულებათა ჯაჭვში სხვადასხვა რგოლის (დარგობრივი ასოციაციები, კოოპერატივების და სხვ.) გაძლიერება ხელს შეუწყობს ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის საექსპორტო ბაზრებზე გატანას. სახელმწიფომ, თავის მხრივ, სასურველია შექმნას სტიმულირების მექანიზმები და რეგულაციები (სუბსიდირების პროგრამები, შეღავათიანი დაბეგვრის მექანიზმები, საგანმანათლებლო პროგრამები, სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, შესაბამისი ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარება). ეს ყველაფერი წაახალისებს ექსპორტს.

ფერმერთა ასოციაციის სამომავლო პროექტებზეც მოგვიყევით, რა გეგმები გაქვთ ევროპასთან ინტეგრაციის მიზნით ფერმერთა მხარდაჭერისათვის?

ასოციაცია მომავალშიც გააგრძელებს ფერმერების მხარდაჭერას, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესასრულებლად. აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერებაზე, რათა მეტი ქალი და ახალგაზრდა იყოს ჩართული აგრობიზნესსა და აგროტურიზმში. კიდევ უფრო განვავითარებთ და ფართო გამოყენებას მივცემთ ციფრულ პლატფორმებს, იქნება ეს აგრონავტი (ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ბიზნესის დაგეგმვის მარტივი საშუალება), აგროგეითი (აგროტურისტული ობიექტების ჯავშნებისა და საინფორმაციო პლატფორმა), აგროსქილი (პრაქტიკული ონლაინ საგანმანათლებლო კურსები) თუ სხვა.

კლიმატგონივრულ სოფლის მეურნეობაზე გადასვლა, მდგრადი განვითარების პრინციპების დაცვითა და გარემოსდაცვითი ზომების გათვალისწინებით, ასევე დღის წესრიგშია, რითაც ჩვენს წვლილს შევიტანთ იმ რისკების შემცირებაში, რაც გლობალურ დათბობას მოაქვს და ამით ვუპასუხებთ მდგრადი განვითარების მიზნების კლიმატურ და ეკოლოგიურ გამოწვევებს.

სტატია მომზადებულია გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ, ჟურნალისთვის SUSTAINABILITY SPOTLIGHT

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები