მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ფოსტამ 2023 წელი ზარალით დაასრულა

საქართველოს ფოსტა

საქართველოს ფოსტამ 2023 წელი 1.2 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა - ამის შესახებ სახელმწიფო კომპანიის მიერ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა.

ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის თანახმად, 2023 წელს კომპანიის შემოსავალი 72 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2022 წლის შემოსავლების ანალოგიური იყო. ამასთან, საქართველოს ფოსტის ხარჯები 75 მილიონი ლარი იყო, ამასთან, კომპანიას გააჩნდა 3 მილიონი ლარის არასაოპერაციო შემოსავალი, ხოლო კურსთა შორისი სხვაობით კომპანიამ 1 მილიონის შემოსავალი მიიღო. შედეგად, კომპანიის მთლიანი ზარალი გასულ წელს 1.2 მილიონ ლარს შეადგენდა. შედარებისთვის, 2022 წელს კომპანიის ზარალი 12 მილიონი ლარი იყო.

"2023 წელი კომპანიამ დაასრულა ზარალით, რაც შეადგენს 1.2 მილიონ ლარს, აღნიშნული მონაცემი მკვეთრად გაუმჯობესებულია 2022 წლის ზარალთან მიმართებით, რაც განპირობებულია არასაოპერაციო შემოსავლის ზრდით (კურსთა შორის სხვაობით მიღებული მოგება და საპროცენტო შემოსავალი) და კურსთა შორის სხვაობით მიღებული ზარალის შემცირებით", - ნათქვამია კომპანიის ფინანსურ ანგარიშში.

საქართველოს ფოსტის CEO-ს პოსტს ლევან ჩიკვაიძე 2015 წლიდან იკავებს. ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მან 2023 წელს უშუალოდ ფოსტასა და ფოსტასთან დაკავშირებულ ორ სახელმწიფო კომპანიაში ჯამურად 154 ათასი ლარის ხელფასი აიღო.

თავად საქართველოს ფოსტას 2023 წლის დეტალური ფინანსური ანგარიში ამ დრომდე არ აქვს reportal.ge-ზე გამოქვეყნებული, 2022 წლის მდგომარეობით კი კომპანია ჯამში 3 ათასამდე ადამიანს ასაქმებდა, მათი სახელფასო ხარჯი კი 30 მილიონ ლარს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები