საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის პოზიციაზე ლევან ჩიკვაიძეს გიორგი ერაძე შეცვლის. ბიზნეს რეესტრში შესაბამისი განაცხადი კომპანიამ დღეს დაარეგისტრირა. გიორგი ერაძე ამ დრომდე კერძო ლოგისტიკური კომპანია "სფეის კარგოს" გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა. ფინანსური ანგარიშის თანახმად "სფეის კარგო" საჰაერო ლოგისტიკური სერვისების მიწოდებით არის დაკავებული. კომპანიას 2023 წლის ანგარიში გასაჯაროებული აქვს, რომლის მიხედვითაც წლიური შემოსავალი 9.6 მილიონ ლარს, მოგება კი 1.3 მილიონ ლარს შეადგენდა. "სფეის კარგო" 2018 წელს არის დაფუძნებული და მისი 100%-ის წილი თეონა ქობალიას ეკუთვნის.
"გათავისუფლდეს შპს საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან ლევანი ჩიკვაიძე.
შპს საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნოს გიორგი ერაძე.
შპს საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება განისაზღვროს 14000 (თოთხმეტი ათასი) ლარის ოდენობით.
დამტკიცდეს შპს საქართველოს ფოსტის (ს/კ 203836233) სადამფუძნებლო შეთანხმება ახალი რედაქციით", - ნათქვამია კომპანიის მიერ ბიზნეს რეესტრში დღეს წარდგენილ დოკუმენტაციაში.
ლევან ჩიკვაიძე საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის პოსტს 2012 წლიდან იკავებდა, შესაბამისად ის სახელმწიფო საწარმოების CEO-ებს შორის თანამდებობას ყველაზე დიდხანს ინარჩუნებდა.
გაიზარდა ფოსტის გენერალური დირექტორის ანაზღაურებაც, თუკი ლევან ჩიკვაიძის წლიური ანაზღაურება ფოსტიდან და ფოსტის შვილობილი კომპანია Express-იდან 135 ათასი ლარი იყო, გიორგი ერაძის წლიური ანაზღაურება 168 ათასი ლარი იქნება.




























