მცირე და საშუალო ტელეკომოპერატორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის უჩა სეთურის აზრით, საქართველოს განვითარებისთვის უფრო მეტად დიგიტალიზებული მოქალაქეები სჭირდება. ასე უპასუხა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამის კითხვას.
- საქართველოს განვითარებისთვის სჭირდება უფრო მეტად ინფორმირებული მოქალაქე, რომელსაც უფრო მეტი რაღაცის გაკეთება შეუძლია ონლაინ. მეტი სახელმწიფო სერვისის მიღება შეუძლია ონლაინ, მეტი e-commerce-ის წარმოება შეუძლია ონლაინ... მოკლედ, უფრო მეტად დიგიტალიზებული მოქალაქეები გვჭირდება, რაც ქვეყანაში ბევრ რამეს არსებითად შეცვლის.
- რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში?
- საქართველოში წერტილი უნდა დაესვას დასახლებულ პუნქტებს, სადაც არ გვაქვს ინტერნეტი. ხშირად უკითხავთ - რა სიკეთე მოიტანა სტარლინკის სერვისმა? მოიტანა ის, რომ სადაც არ იყო ინტერნეტი, იქ ამის შესაძლებლობა გაჩნდა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი Log-in Georgia, რომელსაც „ოუფენ ნეტი“ ახორციელებს, ამ გამოწვევას დაასრულებს და ქვეყანაში აღარ დარჩება მხოლოდ ზაფხულობით გაცოცხლებული დასახლებული პუნქტები - სამეგრელოთი დაწყებული ფშავ-ხევსურეთით დამთავრებული.