საქართველოს დერეფანში გაზის ტრანზიტი მცირედით გაიზარდა. „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ ოფიციალური მონაცემებით, 2025 წელს საქართველოს გავლით 25.165 მლრდ კუბ. მეტრი გაზის გატარება მოხდა, მაშინ როდესაც 2024 წელს ეს მაჩვენებელი 25.118 მლრდ კუბ. მეტრს შეადგენდა.
ბუნებრივი გაზის ტრანზიტი საქართველოს გავლით:
2025 წელი - 25.165 მლრდ კუბ. მეტრი
2024 წელი - 25.118 მლრდ კუბ. მეტრი
წყარო: ნავთობისა და გაზის კორპორაცია
კორპორაციის სტატისტიკა აჩვენებს, რომ გასულ წელს 103 მლნ კუბ. მეტრით გაიზარდა სამხრეთ კავკასიური გაზსადენის მიერ გატარებული გაზის მოცულობა. ამ გაზსადენით 22.933 მლრდ კუბ. მეტრი ბუნებრივი აირი გატარდა. აღსანიშნავია, რომ ამ მილსადენით, გაზის ტრანზიტი 2020 წლის შემდეგ 2-ჯერ არის გაზრდილი - 11.1 მილიარდიდან 22.9 მილიარდამდე.
რაც შეეხება ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალურ გაზსადენს, ამ გაზსადენით 2.229 მლრდ კუბ. მეტრი გაზის ტრანზიტი განხორციელდა, მცირედით ნაკლები ვიდრე 2024 წელს.
როგორც ცნობილია, სამხრეთ-კავკასიური მაგისტრალური გაზსადენით (ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი) ხდება შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული გაზის ტრანზიტი აზერბაიჯანიდან თურქეთის და შემდეგ ევროპის მიმართულებით.
ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენით კი, ხორციელდება რუსული გაზის ტრანზიტი სომხეთში. NSGP-ს საქართველოს მონაკვეთის სიგრძე შეადგენს 234 კმ-ს და მისი საპროექტო გამტარუნარიანობა წელიწადში 12 მილიარდი კუბური მეტრია.




























