საქართველოს გაზიფიცირების 3-წლიანი სახელმწიფო პროგრამა 1 წლით გახანგრძლივდება, ბიუჯეტი კი დაახლოებით 106 მილიონი ლარით იზრდება. ამის შესახებ BMG-ის ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს.
საგულისხმოა, რომ გაზიფიცირების 2022-2024 წლების გეგმის დამტკიცებისას, 2020 წელს, ყოფილი პრემიერ-მინისტრი აცხადებდა, რომ 2024 წლისთვის, ანუ ამ გეგმის დასრულების შემდეგ, ქვეყნის გაზიფიცირება სრულად დასრულებული იქნებოდა.
გაზიფიცირების მიმდინარეობის და ამ მიმართულებით არსებული გეგმების შესახებ BMG-მა დეტალური ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროდან გამოითხოვა. უწყებაში არ უპასუხეს კითხვების უმეტესობას. მათ შორის იმის შესახებ, თუ როდის მოხდება ქვეყნის სრული გაზიფიცირება, სად და რა ღირებულების სამუშაოებია შესრულებული, რა გეგმებია ამ მიმართულებით 2024 წელს, ასევე გაზიფიცირებაზე გამოცხადებულ ტენდერებსა და დაკონტრაქტებულ კომპანიებთან დაკავშირებით.
სამინისტროში ამბობენ, რომ 2022-2024 წლებში გაზიფიცირების გეგმით გათვალისწინებულ სიას 154 დასახლებული პუნქტი დაემატა, რის გამოც პროგრამა კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება.
აღსანიშნავია, რომ გაზიფიცირების 2022-2024 წლების გეგმით, 244 დასახლებულ პუნქტში, 39 698 აბონენტის გაზიფიცირების ბიუჯეტი 135 272 350 ლარი იყო. ეკონომიკის სამინისტროში კი ამბობენ, რომ ახალი სავარაუდო ბიუჯეტი 241.1 მილიონი ლარია.
“2022-2024 წლებში გაზიფიცირების გეგმით გათვალისწინებული დასახლებების სიას დაემატა 154 დასახლებული პუნქტი, რის გამოც პროგრამა კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება. საბოლოოდ, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ 2022-2025 წლების განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით უნდა უზრუნველყოს 396 დასახლებულ პუნქტში არსებული 56 836 აბონენტის ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, რომელთა სავარაუდო ჯამური ღირებულება შეადგენს 241 119 170 ლარს“,- აღნიშნავენ უწყებაში.
რაც შეეხება მიმდინარე მდგომარეობას, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, „მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს“. 2022-2024 წლების გეგმის ფარგლებში ამ დროისთვის გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია 56 დასახლებულ პუნქტში, ხოლო 48-ში გრძელდება.