მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს იაპონელი ინვესტორები სტუმრობენ, კარგ პროექტებს ველოდებით - იაპონიის ელჩი

639d6ec0aa132
მარიამ დემეტრაშვილი
17.12.22 19:30
1173
საქართველოში იაპონიის ელჩმა, იმამურა აკირამ BMG-ის გადაცემა „Forbes talks-ში“ ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივაზე ისაუბრა. ელჩმა საქართველოს საინვესტიციო კლიმატი შეაფასა და იაპონელი ინვესტორების მხრიდან საქართველოს ენერგორესურსებით დაინტერესებას გაუსვა ხაზი.

„საქართველოს ძალიან ლიბერალური და ღია ეკონომიკა აქვს, მისი საინვესტიციო კლიმატი ცნობილია მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა, ინვესტორებს სურთ გრძელვადიანი პერსპექტივა. მათ სჭირდებათ სტაბილურობა და პროგნოზების გაკეთების შესაძლებლობა. ინვესტიციების ლიბერალიზაციის შესახებ შეთანხმება უზრუნველყოფს ამ ორ მთავარ ფაქტორს ინვესტორებისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს შეთანხმება წაახალისებს ინვესტორებს.

Tepco-ს გადაწყვეტილებამ „დარიალიჰესში“ ინვესტიცია ჩაედო, პოზიტიური სიგნალი მისცა სხვა პოტენციურ იაპონელ ინვესტორებსაც. ვიცი, რომ რამდენიმე მათგანი სტუმრობს საქართველოს, ველოდებით კარგ პროექტებს, ძირითადად, ჰიდრორესურსების მიმართულებით, ვინაიდან ამ კუთხით საქართველოში ბევრი მსგავსი ლოკაცია გაქვთ, რომლებიც შეირჩა შესასწავლად. თუმცა, მათ ასევე აინტერესებთ სხვა ენერგორესურსებიც - ქარი, მზის ენერგია, ახალი ენერგია. ჩვენ ისინი უნდა წავახალისოთ, პირველ რიგში, მთავრობის მიერ PPA შეთანხმების უზრუნველყოფით. დარწმუნებული ვარ, ეს შესაძლებელი იქნება ინვესტორებისთვის“, - თქვა ელჩმა.

მან ასევე ისაუბრა 2022 წელს იაპონიასა და საქართველოს შორის გაფორმებულ შეთანხმებაზე, რომელიც ერთობლივი საკრედიტო მექანიზმის (JCM) შექმნას გულისხმობს.

„ეს არის პროექტის ღირებულების 50%-მდე უზრუნველყოფა იაპონური მხრიდან იმ იაპონური კომპანიებისთვის, რომლებიც ითანამშრომლებენ ქართულ მხარესთან ნებისმიერ პროექტზე, რომელიც გამოიწვევს ემისიების შემცირებას. ეს არის ძლიერი ბიძგი იაპონური კომპანიებისთვის, რომ დაიწყონ ჩამოსვლა საქართველოში“, - თქვა იმამურა აკირამ.

ცნობისთვის: 2021 წლის 23 ივლისში „იაპონიასა და საქართველოს შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმება ამოქმედდა. შეთანხმების მიზანია, ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობებისა და ინვესტიციების მოზიდვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება.

2022 წლის სექტემბერში საქართველომ და იაპონიამ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს ერთობლივი საკრედიტო მექანიზმის (JCM) შექმნის შესახებ. JCM-ის ფარგლებში, იაპონია საქართველოსთან ითანამშრომლებს სათბურის აირები ემისიების შემცირების სფეროში, რაც ხელს შეუწყობს ორივე ქვეყნის ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) მიღწევას და იმუშავებს მსოფლიოს დეკარბორიზაციის მიმართულებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები