მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა 350 მილიონი ლარის ობლიგაციები გამოუშვა

GHG

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა (GHG) 350 მილიონი ლარის ობლიგაციების ემისია განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაცია GHG-ის მფლობელმა "საქართველოს კაპიტალმა” (GEORGIA CAPITAL PLC) ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოაქვეყნა.

განცხადების თანახმად, GHG-მ წარმატებით განახორციელა 350 მილიონი ლარის ოდენობის უზრუნველყოფილი სოციალური ობლიგაციების განთავსება საქართველოს ბაზარზე, რომელთა ვადიანობა 5 წელია. ობლიგაციები Scope Ratings-ის მიერ შეფასებულია BB- რეიტინგით. ტრანზაქციის დასრულება მოსალოდნელია 2025 წლის 17 სექტემბერს, რასაც მოჰყვება მისი საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაშვება.

ობლიგაციების გამოშვების განთავსების აგენტები Galt & Taggart-ი და TBC Capital-ი არიან. როგორც ირკვევა ემისიით მიღებული თანხა გამოყენებული იქნება GHG-ის გრძელვადიანი სესხების რეფინანსირებისა და კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად, სოციალური ობლიგაციების ჩარჩოს შესაბამისად.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენმა ჯანდაცვის სერვისების ბიზნესმა წარმატებით დაასრულა საქართველოში ლარში დენომინირებული კორპორატიული ობლიგაციების ყველაზე მასშტაბური განთავსება. ტრანზაქციამ ინვესტორებისგან ძალიან ძლიერი მხარდაჭერა დაიმსახურა, რაც აჩვენებს, რომ საქართველოს კაპიტალის ბაზრები სწრაფად ვითარდება და ადგილობრივი საინვესტიციო ბანკების, Galt & Taggart-ისა და TBC Capital-ის მხარდაჭერის წყალობით, ჩვენი ჯგუფისთვის კაპიტალის მნიშვნელოვან ალტერნატიულ წყაროდ იქცა. მინდა მადლობა გადავუხადო მენეჯმენტის გუნდს და ჩვენს დიდი ხნის პარტნიორებს - IFC-ს, AIIB-ს და საქართველოს საპენსიო ფონდს - რომელთა ეფექტურმა თანამშრომლობამ ეს ტრანზაქცია წარმატებით განახორციელა. ობლიგაციები ჩვენი ჯგუფისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს და კიდევ ერთხელ ადასტურებს კაპიტალზე ჩვენს უმაღლეს წვდომას",- აცხადებს Georgia Capital-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი, ირაკლი გილაური.

აღსანიშნავია, რომ როგორც საქართველოს საპენსიო ფონდის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელმა, ანა ნაჭყებიამ "საქმის კურსის" ეთერში განაცხადა, ფონდმა GHG-ის ობლიგაციების დაახლოებით 20% იყიდა.

"ბოლოს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის მიერ გამოშვებულ ობლიგაციებში მივიღეთ მონაწილეობა, ემისიის დაახლოებით 20% ავიღეთ, რაც საკმაიოდ მაღალი მაჩვენებნლი იყო და ჩვენი აქტივების 2%-მდე იქნება ინვესტირებული კორპორაციულ ობლიგაციებში, რამდენიმე დღეში დასრულდება ტრანზაქცია",- განაცხადა ანა ნაჭყებიამ.

ცნობისთვის, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" შემადგენლობაშია შემდეგი კომპანიები: "ევექსი", "ვიან", "საქართველოს კლინიკები", "მეგალაბი". ის არის ყველაზე მსხვილი სააფთიაქო ჰოლდინგიის, სს "გეფას" მფლობელი, რომელიც თავის მხრივ ფლობს "ჯიპისის" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები