„ავერსის“ დამფუძნებლის, პაატა კურტანიძის შეფასებით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოა. როგორც მან BMGtv-ის გადაცემაში „ჯანდაცვის სტანდარტი“ აღნიშნა, ეს ორი მთავარი ფაქტორით არის განპირობებული – მაღალი მოცვა სახელმწიფო დაფინანსებით და მოქალაქისთვის არჩევანის თავისუფლება.
"საქართველოში არის ჯანდაცვის ერთ-ერთი საუკეთესო სისტემა. მე მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და სადაც ჩავდივარ, პირველი რითაც ვინტერესდები არის, როგორია ჯანდაცვის სისტემა ქვეყანაში.
ეს [ის, რომ საუკეთესოა] განპირობებულია 2 ფაქტორით, პირველი - საქართველოში არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პროცენტი სახელმწიფო დაფინანსებით მოსახლეობის მოცვის და მეორე, საქართველოში ჯანდაცვის სისტემა ისეა აწყობილი, რომ მოქალაქეს აქვს არჩევანი. ანუ, საქართველოში სახელმწიფო და მთავრობა არ ეუბნება, რომ შენ თუ გინდა, რომ მე დაგიფინანსო ოპერაცია, უნდა წახვიდე მაინცდამაინც ამ სახელმწიფო ან კერძო კლინიკაში. აბსოლუტურად თავისუფალია მოქალაქე არჩევანში, რაც კლინიკებს შორის ძალიან მაღალ კონკურენციას განაპირობებს. აი, ამ ორი ფაქტორით - მაღალი მოცვით და არჩევანის თავისუფლებით საქართველოში მედიცინის დონე ერთ-ერთი ყველაზე მაღალია", - განაცხადა პაატა კურტანიძემ.
მისი თქმით, კონკურენცია არა მხოლოდ სამედიცინო სერვისების, არამედ ფარმაცევტულ სექტორშიც არის განვითარების მთავარი მამოძრავებელი.
"კლინიკის მფლობელი იქნება, სხვა პერსონალი პირად მონდომებაზე დიდ მოტივაციას ყველას კონკურენცია აძლევს. ავერსი 30 წელზე მეტია არსებობს, ჩვენ რომ ძლიერი კონკურენტები არ გვყოლოდა და არ გვყავდეს, ამ დონის კომპანია ვერ ვიქნებოდით. კონკურენცია პროგრესის მამოძრავებელი ძალაა. დღეს, რომ წარმოიდგინოთ, რომ "ავერსი" მარტო დარჩეს 2-3 წელიწადში დავიშლებით, დავჭაობდებით, დავჟანგდებით. კონკურენცია აუცილებელია. ამიტომ, საქართველოში მედიცინის და სააფთიაქო ქსელების დონე ერთ-ერთი მაღალია", - განაცხადა კურტანიძემ " ჯანდაცვის სტანდარტში".




























