მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საქართველოს კანონმდებლობით ექსკლუზივები არ იკრძალება” - ჩუმაშვილი GCCA-ის გადაწყვეტილებაზე

გიორგი ჩუმაშვილი

“საქართველოს კანონმდებლობით ექსკლუზივები არ იკრძალება” - ასე აფასებს TNET-ის გენერალური დირექტორი, გიორგი ჩუმაშვილი “საქმიანი დილას” ეთერში “კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს” (GCCA) გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, სააგენტომ 2024 წლის 9 იანვარს სოლიდური თანხით დააჯარიმა ბილეთების გაყიდვის პლატფორმა TKT.GE.

“კონკურენციის სააგენტოსთან ჩვენ ძალიან ღია თანამშრომლობა გვაკავშირებს და პატივს ვცემთ მათ საქმიანობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე ზრუნავს და ამას ძალიან ვაფასებთ. თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა არავინ არ ვეთანხმებით სააგენტოს გადაწყვეტილებას და, როგორც ვიცი, ყველამ, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში, სასამართლოშიც შევიტანეთ სარჩელი.

აქ არის ერთი გარემოება: ექსკლუზივები არ იკრძალება საქართველოს კანონმდებლობით და, გარდა ამისა, ამ გადაწყვეტილებიდანვე ჩანს, რომ ყველამ იცოდა ჩვენი მოლაპარაკებების პირობები, დამალული არაფერი არ ყოფილა, უბრალოდ ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ჩვენ მივიღეთ კონკრეტული ბილეთების გაყიდვის უფლება”,- აცხადებს გიორგი ჩუმაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის დასაწყისში, კონკურენციის სააგენტომ მოკვლევის შედეგად დაადგინა, რომ შპს "სადისტრიბუციო კომპანიასა" (კინოთეატრები “კავეა”, “ამირანი” და “აპოლო ბათუმი”) და შპს "თინეთს" შორის დადებული ხელშეკრულებით, კინოთეატრების ბილეთები ექსკლუზიურად მხოლოდ tkt.ge-ზე იყიდებოდა. ასევე გამოირკვა, რომ იმავე პირობებით ბილეთების გაყიდვა სურდა biletebi.ge-ს, რომლის მიმართვის საფუძველზეც დაიწყო კონკურენციის სააგენტომ მოკვლევა. GCCA-მ ჯარიმები დააკისრა საქმეში მონაწილე სამივე მხარეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები