მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს კაპიტალმა “რამადას” ბრენდის სასტუმროები $28 მილიონად გაყიდა

642691d702983
შოთა ტყეშელაშვილი
31.03.23 11:57
2445
საქართველოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა საინვესტიციო ჰოლდინგმა “საქართველოს კაპიტალმა”, სტუმარმასპინძლობის სფეროში მისი აქტივების ნაწილის რეალიზების შესახებ გააკეთა განცხადება.

“საქართველოს კაპიტალმა” თბილისში რამადა ენკორის ბრენდის ორი სასტუმრო და ერთი ვაკანტური მიწის ნაკვეთი $28 მილიონ დოლარად გაყიდა. საუბარია თბილისში ყაზბეგის გამზირზე მდებარე სასტუმროზე "რამადა ენკორი", რომელიც 152 ნომერს აერთიანებს, ობიექტი 2018 წელს გაიხსნა. ხოლო მეორე სასტუმრო მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარეობს და 125 ნომერს აერთიანებს. სასტუმრო 2022 წელს გაიხსნა. 

უცნობია, ვისზე გაასხვისა ჰოლდინგმა სასტუმრო. bm.ge ცდილობს აღნიშნულის გარკვევას.

“საქართველოს კაპიტალი აცხადებს სტუმარმასპინძლობის სფეროში მისი აქტივების ნაწილის რეალიზების შესახებ. ორი ოპერირებაში მყოფი სასტუმრო თბილისში, რომლებიც ამჟამად “რამადა ენკორის” ბრენდის ქვეშ იმართებიან და ერთი მიწის ნაკვეთი. ამ გარიგებებიდან მისაღები მთლიანი შემოსავალი 28 მილიონ დოლარს შეადგენს და ის სტუმარმასპინძლობის სფეროში კომპანიის ვალდებულებების მოცულობას შეამცირებს - შესაბამისად, ამ ბიზნესის ჯამური ვალი შემცირდება 76%-ით, $37 მილიონი დოლარიდან $9 მილიონ დოლარამდე,”- ნათქვამია ჰოლდინგის განცხადებაში.

საქართველოს კაპიტალის CEO-მ ირაკლი გილაურმა ტრანზაქციასთან დაკავშირებით განაცხადა: “მოხარული ვარ განვაცხადო წარმატებული გარიგების დასრულების შესახებ ჩვენი სტუმარმასპინძლობის სფეროში. ეს გარიგება აჩვენებს ჩვენს პროგრესს აქტივების რეალიზების სტრატეგიული მიზნის მიმართულებით, რომელიც მომდევნო წლებში მცირემასშტაბიანი კომპანიების პორტფელის გასხვისებაში გამოიხატება. ამავდროულად, მნიშვნელოვანი ფულადი ნაკადი, რომელიც გარიგებიდან იქნება მიღებული, სტუმარმასპინძლობის სფეროში არსებული ვალდებულებების შემცირებას მოხმარდება, რაც მთლიანად “საქართველოს კაპიტალის” მიერ ვალის დონის შემცირების სტრატეგიის ნაწილია.”

“საქართველოს კაპიტალი” ფლობს აქტივებს ფარმაციის (ჯიპისი ფარმადეპო); კლინიკების (ევექსის ჰოსპიტლები); დაზღვევის (ალდაგი); უძრავი ქონების (m2); განახლებადი ენერგიის; განათლების; ალკოჰოლური სასმელების წარმოების და დისტრიბუციის (თელიანი) და სხვა სფეროებში. გასულ წელს კომპანიამ მისი ერთ-ერთი უმსხვილესი აქტივი - GWP-ის საკონტროლო პაკეტი ესპანურ ჯგუფ “აქვალიაზე” გაყიდა. ჰოლდინგის საკუთრებაშია ასევე საქართველოს ბანკის ჯგუფის აქციათა 20.3%-იანი წილი.

“საქართველოს კაპიტალის” აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. ჯგუფის საბაზრო კაპიტალიზაცია 358 მილიონ დოლარს შეადგენს.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები