მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Wyndham Grand Tbilisi-ში ინდოეთიდან ჯავშნები შემცირდა, დიდი ბრიტანეთიდან გაიზარდა | რა დატვირთვით მუშაობს სასტუმრო?

Wyndham Grand Tbilisi

სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi-ს მიმდინარე წლის ტურისტულ სეზონზე 72%-იანი დატვირთვით ოპერირებს და სტუმრებს როგორც აზიური, ასევე ევროპული ქვეყნებიდან იღებს. ტურისტული სეზონის ტენდენციებზე BM.GE-სთან სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა მედეა კობახიძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ შემოდგომისთვის საკმაოდ კარგი მოლოდინები აქვთ.

მისი ინფორმაციით, 2026 წელს Wyndham Grand Tbilisi-ის სტუმრების გეოგრაფიაში ლიდერობენ ისრაელი, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, თურქეთი და ინდოეთი.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია დიდი ბრიტანეთი, რომელმაც წელს მოწინავე ადგილი დაიკავა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საქართველოში 20-წლამდელთა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება იყო. საინტერესოა ისიც, რომ წინა წლების ტოპ ქვეყნებს შორის დიდი ბრიტანეთი, როგორც წესი, არ ფიქსირდება. შესაბამისად, 2026 წელს მისი მოწინავე პოზიცია პირდაპირ უკავშირდება კონკრეტულ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას“, - განმარტა მან.

მედეა კობახიძე აღნიშნავს, რომ გასულ წელთან შედარებით ვიზიტების გეოგრაფია შეცვლილია, მან ხაზი გაუსვა ინდოეთიდან ჯავშნების შემცირებას და მიზეზები განმარტა.

„2025 წელს Wyndham Grand Tbilisi-ის სტუმრების გეოგრაფიის ტოპ ექვსეულში შედიოდნენ ისრაელი, ინდოეთი, რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. 2026 წელს ამ მიმართულებით ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება გამოიკვეთა. აღსანიშნავია ინდოეთის ბაზარი, საიდანაც ჯავშნების რაოდენობა მიმდინარე წელს შემცირდა. აღნიშნულზე გავლენა იქონია რეგიონში არსებულმა ვითარებამ, რამაც, მათ შორის, ფრენების გაუქმება და საჰაერო მიმოსვლის შეფერხება გამოიწვია. ბუნებრივია, მსგავსი ცვლილებები პირდაპირ აისახება ტურისტულ ნაკადებსა და, შესაბამისად, სასტუმროს ჯავშნების დინამიკაზეც. საბოლოო ჯამში, მიუხედავად ცალკეულ ბაზრებზე არსებული ცვლილებებისა, ჩვენი მთავარი მიმართულებებიდან ჯავშნების სტაბილური ნაკადი შენარჩუნებულია, რაც სასტუმროსთვის მიმდინარე წლის სეზონის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პოზიტიურ ტენდენციად შეგვიძლია მივიჩნიოთ“, - აღნიშნა Wyndham Grand Tbilisi-ს გენერალურმა მენეჯერმა.

BM.GE-მ მედეა კობახიძეს სასტუმროს დატვირთვაზე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გავლენაზე ჰკითხა, ჰოტელიერი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროცესს მათ ჯავშნებზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია.

„ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სასტუმროს მდებარეობაა - Wyndham Grand Tbilisi უშუალოდ რუსთაველის გამზირზე არ მდებარეობს, რაც ჩვენს სტუმრებს საშუალებას აძლევს, თავი აარიდონ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებულ შესაძლო დისკომფორტს. ჩვენი მდებარეობა, ქალაქის ისტორიულ და ტურისტულ ცენტრთან სიახლოვის მიუხედავად, სტუმრებს კომფორტულ და მშვიდ გარემოს სთავაზობს. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები