საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირისკენ სვლის განსაახლებლად პოლიტიკური ნების გამოვლენის პირველი ნაბიჯი "რუსული კანონის" და ანტი LGBT კანონების გაუქმება იქნება. შესაბამისი განცხადება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა გააკეთა.
ევროკავშირის გაფართოების 2024 წლის ანგარიშთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე ბორელმა ცალკეულ ქვეყნებზე ისაუბრა და მათ შორის საქართველოზე საუბარი არჩევნებში გამოვლენილი დარღვევების შესახებ გამოძიების მოწოდების გამეორებით დაიწყო.
"საქართველომ ჩაატარა საპარლამენტო არჩევნები, რომელიც გამოირჩეოდა სერიოზული დარღვევებით და ეს გამოძიებული და აღმოფხვრილი უნდა იქნეს გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად. მე არ ვაპირებ ჩამოვთვალო ეს დარღვევები, თუმცა ბევრია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, დამოუკიდებელ დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო, და არც პირიქით. ასე რომ, საჭიროა გამოძიება იმის გასარკვევად, თუ რა მოხდა და როგორ აისახა ეს შედეგებზე",- თქვა ბორელმა.
მისი თქმით, ეს აძლიერებს ტრენდს, რომელიც ბოლო თვეებში გამოიკვეთა, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას ევროკავშირს, მის ღირებულებებსა და პრინციპებს აშორებს.
ბორელი ყურადღებას ამახვილებს, რომ ქვეყნის ევროკავშირის გზაზე სვლის აღსადგენად უნდა იყოს პოლიტიკური ნება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან და ევროკავშირი ამისთვის ცხად გზას სთავაზობს.
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის" გაუქმება, რომელიც აფერხებს სამოქალაქო საზოგადოების და მედია ორგანიზაციებს და ასევე ე.წ. "ოჯახური ღირებულებების" შესახებ კანონის, რადგან დისკრიმინაცია არაა ღირებულება ჩვენს ევროპულ ოჯახში. ეს იქნება ერთგულების პირველი ნიშანი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ხელახალი ჩართულობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლოს ვადევნოთ თვალი მომდევნო დღეებში განვითარებულ მოვლენებს გამოძიებასთან და დარღვევების შესახებ განმარტებებთან დაკავშირებით, რომლებიც აღინიშნა საარჩევნო დამკვირვებლების ჯგუფების მხრიდან", - განაცხადა ბორელმა.