მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მაჩანჩალა" ქვეყნის სტატუსი მივიღეთ... ფინანსური ნაკადები საქართველოს გვერდს უვლიან"|ინტერვიუ

ლევან ყარალაშვილი

“მაჩანჩალა ქვეყნის სტატუსი მივიღეთ დღეს” - ამ სიტყვებით აღწერა საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობა BMGTV-ის გადაცემა “წერტილთან” ინტერვიუში ბიზნესმენმა ლევან ყარალაშვილმა, რომელიც „საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის" აღმასრულებელი დირექტორია.

„საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანია” საქართველოს უძრავი ქონების და ვაჭრობის სფეროში 2003 წლიდანაა და განხორციელებული ინვესტიციის ჯამური მოცულობა 300 მილიონ დოლარს აღემატება, თუმცა ბოლო წლებში, კომპანიის საინვესტიციო აპეტიტი შემცირებულია.

როგორც ლევან ყარალაშვილმა “წერტილთან” ვრცელ ინტერვიუში განაცხადა, “ინვესტორს, რომელიც ქვეყანაში შემოდის, არ აქვს გარანტია, რომ მისი ინვესტიცია უსაფრთხოდაა”, ამიტომ საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიამაც, რომლის პარტნიორებიც ფრანგი, ბრიტანელი თუ ჰოლანდიელი ინვესტორები არიან, საინვესტიციო აქტივობები შეამცირეს.

ლევან ყარალაშვილის თქმით, ბიზნესსექტორისთვის ყველაზე დიდ დამფრთხობ ფაქტორად რჩება ქვეყნის ევროპული კურსიდან აცდენა, პოლიტიკური ნარატივი, სასამართლო სისტემის არასანდოობა და, რაც ყველაზე მთავარია, ინვესტიციის დაცულობის გარანტიის არარსებობა.

"[ჩვენი დასავლელი პარტნიორები] უკვე ხედავენ, რომ რაღაც ღირებულებითი აცდენა არის იმ ნარატივში, რომელსაც ისმენდნენ 20 წლის წინ და რასაც ისმენენ ახლა”, - აღნიშნა მან და იქვე დასძინა, რომ სწორედ ამ ფაქტორების გამო, წელს, „საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანია” მხოლოდ $4 მილიონი დოლარის ჩადებს გეგმავს, შარშან ეს თანხა ორჯერ ნაკლები იყო - $2 მილიონი.

„საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის“ აღმასრულებელ დირექტორის დაკვირვებით, გლობალური საინვესტიციო ნაკადები დღეს საქართველოს გვერდს უვლიან, ხოლო ქვეყანაში დარჩენილი ბიზნესჯგუფები „ფრთხილი ოპტიმიზმის“ ნაცვლად, მხოლოდ აუცილებელი, მინიმალური ინვესტიციებით შემოიფარგლებიან.


ინტერვიუ ბიზნესმენ ლევან ყარალაშვილთან


- "50-მილიონიანი საინვესტიციო გეგმა 2 მილიონ დოლარამდე შევამცირეთ“ - ერთი წლის წინ ამბობდით გადაცემა „წერტილში“. როგორი იყო 2026 წლის პირველი ნახევარი, რა დაგეგმეთ და ატყობთ თუ არა ბიზნესში საინვესტიციო აპეტიტის დაბრუნებას?

- ჩვენ არ ვცხოვრობთ სტატიკურ სამყაროში. ინვესტიცია არის ფინანსური ნაკადი, რომელიც მიედინება და ყოველთვის პოულობს თავის გზას. დღევანდელი მოცემულობა კი აჩვენებს, რომ ეს ნაკადები საქართველოს, სამწუხაროდ, გვერდს უვლიან. იმ გლობალურ, კონკურენტულ გარემოში, რომელშიც ვმონაწილეობთ, ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა შემცირებულია ყველა მიმართულებით. ფაქტია, რომ დღეს ევროპული ინვესტიციით არცერთი მსხვილი პროექტი არ ხორციელდება — მხოლოდ ცალკეული ეიფორიული ინიციატივები ანონსდება.

- მაგალითად, Eagle Hills-ის პროექტი?

- რეალურ ეკონომიკაში ეს, ჯერჯერობით, არ ასახულა. ამიტომ, ფაქტია, საინვესტიციო აპეტიტი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბიზნესჯგუფებში მკვეთრად შემცირებულია. თქვენ ახსენეთ ჩვენი ჯგუფი, რომელსაც ქვეყანაში 300 მილიონ დოლარზე მეტი აქვს ინვესტირებული. შარშან საინვესტიციო გეგმა 2 მილიონ დოლარამდე შევამცირეთ, თუმცა წელს ეს თანხა გავაორმაგეთ და მიმდინარე პროექტებში 4 მილიონ დოლარამდე ჩადებას ვგეგმავთ (იღიმის). ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის მიზერი იმ შესაძლებლობებთან შედარებით, რაც როგორც ჩვენს კომპანიას, ისე სხვა მსხვილ, განსაკუთრებით უცხოური პარტნიორობით დაფუძნებულ ჯგუფებს გააჩნიათ. ინვესტიცია არის ეკონომიკური ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მთავარი წყარო. გლობალური კონკურენციის პირობებში, როდესაც ქვეყნის კურსი აცდენილია ევროპულ რელსებს, ეს პირდაპირ აისახება შემცირებულ ინტერესსა და ნეგატიურ განწყობებზე. კვალიფიციური ინვესტორი - იქნება ის ევროპიდან, ჩინეთიდან თუ ახლო აღმოსავლეთიდან - ამას ძალიან კარგად ხედავს.

- სტაბილურობა ხომ ყველა ინვესტორისთვის უმთავრესია...

- დიახ, სტაბილური და პროგნოზირებადი სამართლებრივი გარემო ყველას სჭირდება. თქვენ მიერ ჩამოთვლილ ხელშემშლელ ფაქტორებს დავამატებდი მთავარს - ინვესტიციის დაცულობას. დღეს ქვეყანაში შემოსულ ინვესტორს არ აქვს გარანტია, რომ მისი კაპიტალი უსაფრთხოდ იქნება და პრობლემის წარმოქმნისას საკუთარი უფლებების დასაცავად ეფექტიანი სამართლებრივი ბერკეტები ექნება. ამ ფონზე, ბიზნესის განწყობა საკმაოდ ფრთხილია. თუ ადრე „ფრთხილ ოპტიმიზმზე“ ვსაუბრობდით, დღეს ოპტიმიზმის სივრცე აღარ დარჩა - დარჩა მხოლოდ პრაგმატული სიფრთხილე. ჩვენც ზუსტად ასე ვმოქმედებთ: ვაკეთებთ იმ აუცილებელ მინიმუმს, რისი გაკეთებაც არსებულ რეალობაში შესაძლებელია.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ საინვესტიციო ნაკადები საქართველოს გვერდს უვლიან. ცნობილია, რომ “საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიას“ არაერთი მსხვილი ევროპელი პარტნიორი ჰყავს, რა არის მათგან ყველაზე ხშირად დასმული კითხვა?

- დიახ, ფრანგი, ჰოლანდიელი და ბრიტანელი პარტნიორები გვყავს - მათ შორის ისეთი ოჯახები, რომლებიც მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახების 30%-ში შედიან... მთავარი პრობლემა ღირებულებითი აცდენაა. ისინი ხედავენ განსხვავებას იმ ნარატივს შორის, რაც 20 წლის წინ ესმოდათ და რასაც დღეს ისმენენ. პატარა ქვეყანაში პოლიტიკა დიდ როლს თამაშობს ბიზნესსა და მსხვილ პროექტებში. როდესაც არ ჩანს, რომ ევროპული ინვესტიციები დაცული და წახალისებული იქნება, კაპიტალის ნაკადები სხვაგან გადამისამართდება - ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ან თუნდაც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. სომხეთმა და აზერბაიჯანმა ამ მიმართულებით საგრძნობლად წაგვიწიეს წინ. ჩვენ მივიღეთ პოზიციების დათმობის სტატუსი. ამ ჭრილში - ბოდიშს ვიხდი ამ ტერმინისთვის - ერთგვარი მაჩანჩალა ქვეყნის სტატუსი მივიღეთ. უცხოელი პარტნიორების პასუხიც ძალიან მარტივია: „ლევან, ჩვენ ვადევნებთ თვალყურს პროცესებს, თუმცა მოდი, აქტიურ პროექტებზე დღესდღეობით ნუ ვისაუბრებთ.

- ალბათ რთულია საპირისპირო არგუმენტების მოყვანა და მათი დარწმუნება, რომ ინვესტიციები მაინც შემოიტანონ…

- დიახ, დღეს სულ უფრო რთული ხდება იმის დასაბუთება, რით ვჯობნით სხვა კონკურენტ ქვეყნებს. ამას ემატება პოლიტიკური ნარატივი და ის აგრესიული ტერმინოლოგია, რასაც მაღალი თანამდებობის პირები იყენებენ, რაც საინვესტიციო განწყობებს კიდევ უფრო აფუჭებს.

- თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოს ეკონომიკის მთავარი რისკი? ხშირად აღნიშნავენ, რომ ბოლო წლების მაღალი ეკონომიკური ზრდა რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული „დადებითი შოკი“ იყო. ხომ არ ილევა ეს ეფექტი და იქნება თუ არა ომის დასრულება ეკონომიკური რისკი საქართველოსთვის?

ეკონომიკური ზრდის სტანდარტული “დრაივერებია”: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, შიდა მოხმარება და კაპიტალის ბაზრები. დღეს საქართველოში არცერთი მათგანი არ ჩანს. ჩვენ გვაქვს გარკვეულწილად დამახინჯებული ზრდა, რაც გამოწვეული იყო რეგიონული კონფლიქტით. როგორც ტრანზიტულმა და მეზობელმა ქვეყანამ, გარკვეული სარგებელი მივიღეთ. დღეს ჩვენი საექსპორტო პოზიციების სათავეში ავტომობილები და ნავთობპროდუქტებია, ხოლო ნომერი პირველი საექსპორტო პარტნიორი - ყირგიზეთი. ეს სწორედ საომარი მოქმედებებით გამოწვეული რეგიონული კონიუნქტურის შედეგია. რაც შეეხება ომის დასრულების ეფექტს: ბევრი ფიქრობს, რომ ომის დასრულება ამ ნაკადებს შეამცირებს, თუმცა ჩემი პროგნოზი განსხვავებულია. ვფიქრობ, ომის დასრულება და რეგიონის აღდგენის ფაზაში გადასვლა ქვეყნის პოტენციალს უფრო გაზრდის. ქართულმა ბიზნესმა პანდემიის შემდეგ მაღალი მდგრადობა და ადაპტაციის უნარი გამოავლინა, ამიტომ შოკურ სცენარს არ ველოდები. სხვა საკითხია, რამდენად თანაბრად გადანაწილდება ეს სიკეთე სექტორებსა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე.

- უკრაინის აღდგენის პროცესში ყველა ქვეყნის ბიზნესი ეცდება ჩართვას, მაგრამ როგორ გაუმჯობესდება საქართველოში ეკონომიკური კეთილდღეობა თუ შიდა გარემო - სასამართლო და ინვესტიციების დაცულობა - არ გაუმჯობესდა?

- უარყოფითი პოლიტიკური ფონის მიუხედავად, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესი, საკუთარი რესურსისა და პირადი კონტაქტების ხარჯზე, ახერხებს სტატუს-კვოს შენარჩუნებას. რა თქმა უნდა, იქნება სექტორები, რომელთაც გაუჭირდებათ - მაგალითად, ტურიზმი და მასპინძლობის სექტორი, თუმცა ლოჯისტიკასა და სასაწყობო მეურნეობებში დიდი პოტენციალი გაჩნდა. ეკონომიკური ზრდის ფაქტორი შენარჩუნდება, თუმცა დარგებს შორის გადანაწილების პროგნოზირება რთულია.

- თქვენთვის, როგორც ბიზნესმენისთვის, რა არის მთავარი რისკი?

- პირველი - ეს არის ინვესტიციის დაცულობა. არასანდო და მართვადი სასამართლო სისტემა უცხოელ ინვესტორს არანაირ გარანტიას არ აძლევს. მეორე მნიშვნელოვანი გამოწვევა კვალიფიციური კადრების დეფიციტი და მათი გადინებაა. ჩვენ არ ვართ მძიმე ინდუსტრიული ქვეყანა. დღეს, როდესაც ციფრული ტექნოლოგიები ვითარდება, გვაქვს სერიოზული ინტელექტუალური გადინება („Brain Drain“). მაღალკვალიფიციური კადრების ჩანაცვლება ბევრად რთულია, ვიდრე სამშენებლო სექტორის მუშახელის. ამ რისკებს - პოლიტიკურ ფონს, სასამართლოსა და კადრების დეფიციტს - კომპლექსური მიდგომა სჭირდება. მხოლოდ შიდა რესურსით ამის მოგვარების ილუზია რეალობას აცდენილია.

- საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომლის თანახმად, ბიზნესს საჯარო პოლიტიკური აქტივობა აეკრძალა ანუ ბიზნესმა მხოლოდ საკუთარ სექტორზე უნდა ისაუბროს და პოლიტიკურ პროცესებს არ შეეხოს. რამდენად ადაპტირდა ბიზნესი ამ რეალობაში?

- არ ვიტყოდი, რომ ბიზნესი ადაპტირდა - ვფიქრობ, მან უფრო პრაგმატული პოზიცია დაიკავა. ბიზნესს აღებული აქვს პასუხისმგებლობა იმ ასეულ ათასობით ადამიანზე, რომლებიც მასთან არიან დასაქმებულნი. მისი მთავარი ამოცანა დღეს სტაბილურობის შენარჩუნებაა - ის, რომ ამ ხალხს ჰქონდეს სამუშაო ადგილი, ხელფასი დროულად მიიღოს და ა.შ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები