მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა ძირი გამოუთხარა პრინციპებს, რომლებსაც ვიზალიბერალიზაცია ეფუძნება - ევროკომისიის პრესსპიკერი

Markus Lammert

ევროკომისიის პრესსპიკერი მარკუს ლამერტი აცხადებს, რომ ევროკომისიამ დაიწყო პროცედურები საქართველოში გაცემული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე.

"ევროკომისიამ დაიწყო პროცედურები უვიზო რეჟიმის შეჩერების ახალი მექანიზმის ფარგლებში, რათა ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ფლობენ დიპლომატიურ, სამსახურებრივ პასპორტებს.

ვიზალიბერალიზაციის მიზანია ხალხთაშორისი კონტაქტების გაძლიერება და საერთო ღირებულებების პოპულარიზაცია, მათ შორის არის ადამიანის უფლებების პატივისცემა და დემოკრატიული პრინციპები.

კომისია თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა ძირი გამოუთხარა იმ პრინციპებს, რომლებსაც ვიზალიბერალიზაცია ეფუძნება. ისინი შეუსაბამოა კავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან და აფერხებს ეკონომიკური, ჰუმანიტარული, კულტურული, სამეცნიერო და სხვა კავშირების სტაბილურ განვითარებას ევროკავშირსა და საქართველოს შორის.

პირველი ნაბიჯის სახით, კომისიამ თავისი შეფასება ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოს წარუდგინა. მიღების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იქნება, რომ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს ვიზალიბერალიზაცია ერთიანად შეუჩერდებათ ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში.

ახალი შეჩერების მექანიზმით, რომელიც გადაიხედა და ძალაში გასული წლის ბოლოს შევიდა, შესაძლებელია ორფაზიანი მიდგომა. პირველი ეტაპი ეხება დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს. არსებობს შესაძლებლობა, რომ გარკვეულ ეტაპზე, უკუსვლის გაგრძელების შემთხვევაში, ეს გავრცელდეს მთლიან მოსახლეობაზეც, თუმცა ეს ავტომატურად არ ხდება", - განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა "პუბლიკას" ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

საქართველოში გაცემულ დიპლომატიურ და სამსახურებრივ პასპორტებს გასულ წელს ევროკავშირმა უკვე გაუუქმა უვიზო რეჟიმი, თუმცა RFE/RL-ის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება 27 წევრი ქვეყნიდან მხოლოდ 19-ს აქვს აღსრულებული. თუ ახალი მექანიზმის ფარგლებში ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას, მისი აღსრულება უკვე ყველა წევრ სახელმწიფოს მოუწევს.

ახალი წესი 2025 წლის 30 დეკემბერს შევიდა ძალაში. ამ მექანიზმით კომისიას შეუძლია უვიზო რეჟიმი შეუჩეროს კონკრეტული ქვეყნის პასპორტის მფლობელებს, თუმცა ამ პროცესში ევროკომისიას კონსულტაციების გავლა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მოუწევს და კენჭისყრაც გაიმართება. გადაწყვეტილება კვალიფიციური უმრავლესობით მიიღება, რაც არის წევრი ქვეყნების 55%, რომლებიც წარმოადგენენ ევროკავშირის საერთო მოსახლეობის 65%-ს.

ვრცლად ამ თემაზე: EU საქართველოში გაცემული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზოს გაუქმებას ამ თვეში გეგმავს - RFE/RL

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები