მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ლარის სახაზინო ობლიგაციებში უცხოელების ინვესტიციებმა 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა

ფული

უცხოელმა ინვესტორებმა ლარში ნომინირებულ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში საკუთარი დაბანდებები გაზარდეს - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა.

სტატისტიკის თანახმად, არარეზიდენტების საკუთრებაში არსებული ფასიანი ქაღალდების მოცულობა, 2026 წლის პირველი ივლისისთვის 1.03 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, რაც ბოლო ერთ თვეში 163 მილიონი ლარის ზრდას წარმოადგენს. ერთწლიან ჭრილში კი უცხოელთა დაბანდებები ლარის სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში 7.5-ჯერ არის გაზრდილი.

ამ მატებას ყველაზე მეტად შეუწყო ხელი მაისში მთავრობის მიერ სინდიკაციის გზით გამოშვებულმა 400-მილიონიანმა ფასიანმა ქაღალდმა, რომლის ღირებულების 65%-იც უცხოელმა ინვესტორებმა შეიძინეს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობა სულ უფრო მეტად იქნება ფოკუსირებული მსხვილ განთავსებებზე, რომლებიც საერთაშორისო ინვესტორებს შეეთავაზებათ, რომლის მთავარ მიზანსაც გლობალურ საფინანსო ბაზარზე ლარის ფასიანი ქაღალდების მიმართ ინტერესის ზრდა წარმოადგენს.

უფრო დეტალურად: არარეზიდენტების დაბანდებები საქართველოს მთავრობის მიერ გამოშვებულ ლარში ნომინირებულ ფასიან ქაღალდებში 2025 წელს შემცირდა, რადგან 2024 წელს საშუალოდ 250-300 მილიონი დოლარის ფარგლებში მერყეობდა, 2025 წელს კი 80-130 მილიონი ლარის ფარგლებში იყო. 2026 წლიდან კი ლარის ფასიან ქაღალდებში ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაზარდეს, კერძოდ, იანვარში ჯერ 441 მილიონ ლარამდე, მარტში 492 მილიონ ლარამდე, მაისის ბოლოს 867 მილიონ ლარამდე გაიზარდა, ივნისის ბოლოს კი 1.03 მილიარდ ლარს მიაღწია.

უცხოელი ინვესტორების მიერ ლარის სახელმწიფო ობლიგაციების ფლობა გლობალურ საფინანსო ბაზარზე საქართველოს ეკონომიკის და ლარის მიმართ ინტერესთან პირდაპირ არის დაკავშირებული. აღნიშნული პარამეტრი წარმოადგენს ინდიკატორს, რომელიც აჩვენებს თუ რამდენად არიან დაინტერესებული უცხოელი ინსტიტუციური ინვესტორები ლარში ნომინირებულ აქტივებში ინვესტირებით.

ლარში ნომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის მთლიანი ზომა 12.4 მილიარდ ლარს შეადგენს, საიდანაც ყველაზე მეტი - 8.2 მილიარდი ლარის ფასიანი ქაღალდები ქართული ბანკების საკუთრებაშია, 1.1 მილიარდის ფასიან ქაღალდებს ფლობს ეროვნული ბანკი, 2.1 მილიარდი ლარის ფასიანი ქაღალდები კი სხვა რეზიდენტ ინვესტორებს ეკუთვნის (ძირითადად საპენსიო ფონდს), ხოლო არარეზიდენტებს კი 1.03 მილიარდი ლარი, რაც მთლიანი პორტფელის 8.3%-ია.

2026 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა სულ 1.8 მილიარდი ლარის სახაზინო ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები