მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„საქართველოს მელიორაციაში“ განმეორებით გამოცხადებულ ტენდერებში, სავარაუდო ღირებულებების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა - აუდიტი

მელიორაცია

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შპს „საქართველოს მელიორაციის“ შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა, რომლის თანახმად, განმეორებით გამოცხადებულ ტენდერებში სავარაუდო ღირებულებების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა.

აუდიტის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებულ ჩაშლილი ტენდერების შემთხვევაში, რიგ შემთხვევებში, განმეორებით გამოცხადებულ ტენდერებში მნიშვნელოვნად გაზრდილია შესყიდვის სავარაუდო ღირებულებები, რაც შესაძლოა სავარაუდო ღირებულებების განსაზღვრის ნაკლოვანებებზე მიუთითებდეს.

დოკუმენტში საუბარია გამოცხადებული 7 ტენდერის შესახებაც, საიდანაც 1 ხუთჯერ ჩაიშალა. რის შემდეგაც, ის აღარ განხორციელებულა.

“სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადებული შვიდი ერთეული ჩაშლილი ტენდერის შესწავლით დგინდება, რომ ბოლო ტენდერების სავარაუდო ღირებულებები მნიშვნელოვნად გაზრდილია პირველად გამოცხადებულ ტენდერებთან მიმართებით. შესასრულებელი სამუშაოების მოცულობები შეცვლილია მხოლოდ ერთ შემთხვევაში. პირველად გამოცხადებული ტენდერების სავარაუდო ღირებულებები დადგენილია საპროექტო ორგანიზაციების მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვების საფუძველზე.

განმეორებით გამოცხადებულ ტენდერებში ღირებულებები განსაზღვრულია საპროექტო ორგანიზაციების და/ან კომპანიის წინასაპროექტო კვლევისა და პროექტების შეფასების სამსახურის მიერ განხორციელებული სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გადამუშავება გადაანგარიშებისა და/ან კომპანიის მიერ ჩატარებული ბაზრის კვლევების საფუძვლებზე. აღნიშნული შვიდი შესყიდვიდან, საბოლოოდ განხორციელდა ექვსი. ერთი შესყიდვა, ხუთჯერ ჩაშლილი ტენდერის შემდეგ აღარ განხორციელებულა. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ პირველი ტენდერები გამოცხადებულია, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენიდან გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, რაც ფასების ზრდის შემთხვევაში, შესაძლოა გამხდარიყო მათი ჩაშლის მიზეზიც”, - წერია აუდიტის ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, 2021-2022 წლებში შემსყიდველი ორგანიზაციისთვის გამოწვევას წარმოადგენდა ტენდერის პროცედურის წარმართვა. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერები ცხადდებოდა ა(ა)იპ - მშენებლობის შემფასებელთა კავშირის მიერ შედგენილი სამშენებლო რესურსების ფასებით, რომელსაც პირველ ეტაპზე დაეყრდნო კომპანია, თუმცა აღნიშნულ პერიოდში ტენდერები არ შედგა, ვინაიდან ბაზარზე არსებული რეალობისგან განსხვავდებოდა ზემოხსენებული კავშირის მიერ განსაზღვრული ფასები.

“2021-2022 წლებში სამუშაოების ძირითადი ფასწარმომქმნელი სამშენებლო მასალების ფასები მკვეთრად იზრდებოდა. პრობლემის იდენტიფიცირების შემდგომ, კომპანია იძულებული გახდა თითოეულ ობიექტზე ღირებულების დადგენა ფასთა კვლევის მეთოდით მოეხდინა, რაც მოითხოვდა დამატებით დროს. ამასთანავე, დროის ძალიან მცირე მონაკვეთში ფასების ზრდის ტენდენციის გამო, კომპანიის მიერ რეალურ ღირებულებასთან მიახლოებული ფასის დაფიქსირება რამდენიმე ტენდერის გამოცხადებისას ვერ განხორციელდა”, - წერია დოკუმენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები