მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მილიარდიანი ავტოექსპორტის რა წილი მოდიოდა რუსეთ/ბელარუსზე, სადაც აკრძალვა დაწესდა

მანქანები ავტოექსპორტი ავტომობილი

2023 წლის 6 თვეში საქართველოდან უცხოეთში რეკორდული მოცულობის 990 მილიონი დოლარის ღირებულების 51 ათასი ავტომობილი გავიდა ექსპორტზე. ეს მოცულობა წინა წელთან შედარებით 267%-ით მეტი იყო. გუშინ ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 1 აგვისტოდან რუსეთის და ბელარუსის მიმართულებით ამერიკიდან შემოყვანილი ავტომობილების ექსპორტი აიკრძალა, ხოლო 26 სექტემბრიდან ევროპიდან შემოყვანილი ავტომობილების ექსპორტი აიკრძალება.

საბაჟო სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის 6 თვეში საქართველოდან რუსეთში სულ 53 მილიონი დოლარის ღირებულების 3,786 ავტომობილი გავიდა ექსპორტზე. ეს წინა წელთან შედარებით 274%-ით მეტი იყო. ამ მაჩვენებლით, რუსეთი მთლიან ექსპორტში მეხუთე ადგილს იკავებდა. რაც შეეხება ბელარუსს, ამ ქვეყანაში საქართველოს ავტოექსპორტი მცირე იყო და 2023 წლის 6 თვეში ექსპორტი 2.5 მილიონ დოლარს შეადგენდა (129 ავტომობილი).

2023 წლის 6 თვის მდგომარეობით ავტოექსპორტი ასე ნაწილდება:

1) ყირგიზეთი - $236 მლნ, მანქანების რაოდენობა 5,840, ერთის საშუალო ფასი $40.4 ათასი, ზრდის ტემპი 1673%
2) ყაზახეთი - $236 მლნ, მანქანების რაოდენობა 13,916, ერთის საშუალო ფასი $17 ათასი, ზრდის ტემპი 694%
3) აზერბაიჯანი - $226 მლნ, მანქანების რაოდენობა 14,206, ერთის საშუალო ფასი $16 ათასი, ზრდის ტემპი 75%
4) სომხეთი - $185 მლნ, მანქანების რაოდენობა 10,235, ერთის საშუალო ფასი $18 ათასი, ზრდის ტემპი 1159%
5) რუსეთი - $53 მლნ, მანქანების რაოდენობა 3,786, ერთის საშუალო ფასი $14 ათასი, ზრდის ტემპი 274%
6) ტაჯიკეთი - $16 მლნ, მანქანების რაოდენობა 1,435, ერთის საშუალო ფასი $11 ათასი, ზრდის ტემპი 307%
7) ბელგია - $11 მლნ, მანქანების რაოდენობა 232, ერთის საშუალო ფასი $48 ათასი, კლება წინა წელთან -24%
8) უკრაინა - $7 მლნ, მანქანების რაოდენობა 519, ერთის საშუალო ფასი $14 ათასი, კლება წინა წელთან -78%
9) არაბთა გაერთიანებული საამიროები - $6 მლნ, მანქანების რაოდენობა 86, ერთის საშუალო ფასი $75 ათასი, ზრდის ტემპი 6%
10) თურქეთი - $4 მლნ, მანქანების რაოდენობა 219, ერთის საშუალო ფასი $20 ათასი, ზრდის ტემპი 234%
როგორც ანგარიშიდან ჩანს, საქართველოდან ავტომობილების ექსპორტის 89% მოდის ოთხ ქვეყანაზე, ესენია ყირგიზეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი.

წარსულში, სანამ უკრაინაში დაიწყებოდა ომი, ცენტრალური აზიის ქვეყნები ძირითადად რუსეთის გავლით ყიდულობდნენ ავტომობილებს, ამჟამად კი მათი იმპორტი საქართველოდან მომდინარეობს. ამასთან მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნების მხრიდან არ არის ძალაში დაწესებული ის სანქციები, რომელთა აღსრულებასაც საქართველო ახდენს, შესაბამისად არსებობს მნიშვნელოვანი ვარაუდი, რომ საქართველოდან ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ყირგიზეთი შეყვანილი ავტომობილების მნიშვნელოვანი ნაწილი შემდგომში რუსეთის ფედერაციაში ხვდება. ამ ვარაუდს ამყარებს ის გარემოება, რომ 2022 წელს ყირგიზეთში საქართველოდან გასული მანქანების საშუალო ღირებულება 7 ათასი დოლარი იყო, წელს კი მანქანების საშუალო ფასი 40 ათას დოლარამდე გაიზარდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები