საქართველოს მიმართ ინვესტორთა ყურადღება დიდია, რადგან საქართველოს ეკონომიკა დინამიკურად ვითარდება, ეროვნული ვალუტა სტაბილურია, სებ-მა კი მნიშვნელოვანი რეზერვები დააგროვა, - ამის შესახებ წამყვანი ამერიკული ბანკის, JP Morgan-ის ეკონომისტმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხამზა შარიფზოდამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ნათია თურნავასთან და საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მის კომენტარს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
სებ-ის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში ნათია თურნავამ და ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო ინვესტორებს საქართველოს მაკროეკონომიკური პარამეტრები, მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა და ქვეყნის საინვესტიციო გარემო გააცნეს. ასევე მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს საბანკო და საფინანსო სექტორის მდგრადობაზე. შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოს საბანკო სექტორი კარგად კაპიტალიზებულია და ინარჩუნებს ლიკვიდობის ჯანსაღ მაჩვენებლებს. ასევე ისაუბრეს ქვეყანაში კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ზრდისა და ამ მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებზე.
როგორც ეროვნული ბანკის გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, JP Morgan-ის ეკონომისტის განცხადებით, სებ-ის პრეზიდენტთან და საქართველოს ფინანსთა მინისტრთან საკმაოდ პროდუქტიული შეხვედრა გაიმართა.
"ინვესტორების მხრიდან საქართველოსადმი დიდი ინტერესია, რადგან თქვენი ეკონომიკა ძალიან კარგად ვითარდება, ვალუტა ძლიერია, ცენტრალურმა ბანკმა დიდი რეზერვები დააგროვა. შესაბამისად, ინვესტორები ინტერესდებიან როგორც შიდა ბაზრით, ასევე ევრობონდებით. ეროვნულმა ბანკმა კარგად შეინარჩუნა ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში. ფისკალური პოლიტიკაც დიდი სიფრთხილით სრულდება, რაც ქვეყანაში ფასების სტაბილურობას უწყობს ხელს. შედეგად, საუბრები ძალიან პროდუქტიული იყო. განვიხილეთ ყველა დეტალი - პერსპექტივა, პროგნოზები და რისკები", - აღნიშნა JP Morgan-ის ეკონომისტმა.
ამერიკელ და ბრიტანელ ინვესტორთა დელეგაცია საქართველოში სებ-ის მოწვევითა და JP Morgan-ის თანაორგანიზებით იმყოფება. დელეგაცია აერთიანებს ისეთ მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო და ფინანსურ კომპანიებს, როგორებიცაა JP Morgan, Morgan Stanley Investment Management, Aberdeen, MetLife და სხვა.




























