საქართველო დაახლოების ნაცვლად ევროკავშირს შორდება - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში პეტერ ფიშერმა „საქმიანი დილის“ რუბრიკაში „საუბრები ბიზნესსა და ევროკავშირზე“ წამყვანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს ადგილმდებარეობას შეეხებოდა. მისი შეფასებით, „არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ შესაძლოა, თქვენ ხელიდან გაუშვით თქვენი შესაძლებლობა“.
„საქართველოს მომავალი ევროკავშირში ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ივნისში და შემდეგ, ოქტომბერში, ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს და თავიანთ გადაწყვეტილებაში ჩაწერეს, რომ გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ესეც ჩაწერილია. აქ არავინ იწუხებს წაკითხვით თავს, მაგრამ გირჩევთ, წაიკითხოთ. მთავრობა გეუბნებათ, რომ არა, არაფერია შეჩერებული ჩვენ [ევროკავშირი] ვწყვეტთ, რა არის შეჩერებული და რა არა. კანდიდატი არ წყვეტს. ასე რომ, შეჩერებულია. მე თუ მკითხავთ, ვერ ვხედავ, რომ საქართველო უახლოეს მომავალში დაუბრუნდება ევროინტეგრაციის გზას. ამის პოზიტიურ ნიშნებს საერთოდ ვერ ვხედავ - საქართველოს მთავრობის რიტორიკა გრძელდება. საქართველოს კანონმდებლობა მიღებულია. საქართველო დაახლოების ნაცვლად, შორდება ევროკავშირს. გარდა ამისა, არჩევნების ჩატარების წესი არ შეესაბამება იმას, რასაც ჩვენ კანდიდატი ქვეყნისგან ველით. გერმანიაში ვინმეს თუ ჰკითხავთ, უმეტესობას, რადგან, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს აზრთა დიდი მრავალფეროვნება, მაგრამ ხალხის დიდი უმრავლესობა, საქართველოს არჩევნებს თუ შეხედავს, გეტყვით, რომ ეს ევროპაში არ სურთ.
საქართველო ტენდენციას ცდება. ასე რომ, არის კრიზისი და ვფიქრობ, არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ შესაძლოა, თქვენ ხელიდან გაუშვით თქვენი შესაძლებლობა“, - განაცხადა პიტერ ფიშერმა.
გერმანელი დიპლომატი იმასაც ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის გაწერილი კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო 9 დათქმა საქართველომ ვერ შეასრულა, მათ სტატუსი მეგობრული ჟესტით კანდიდატის სტატუსი მაინც მიანიჭეს და ეს ფაქტი საქართველოსთან ერთად აღნიშნეს. თუმცა ამის შემდეგ განწყობა შეიცვალა და ქვეყნის ხელისუფლებამ ევროპელი პარტნიორები ლიბერალური ფაშიზმის „გიჟურ წარმოდგენებში“ აღმოაჩინა.
„ჩვენ ყველაზე დიდი პარტნიორობისა და მეგობრობის დამადასტურებელი ჟესტიც კი შემოგთავაზეთ, თუ გნებავთ, ვიტყვი, რომ ეს იყო სიყვარულის და ზრუნვის ნიშანი - საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივანიჭეთ. ევროკავშირი ჩვენი საზოგადოებრივი და პოლიტიკური არსებობის ბირთვია. ჩვენ საქართველოს ვუთხარით, რომ მას შეუძლია, შემოგვიერთდეს და ეს შეთავაზება ნდობის საფუძველზე გავაკეთეთ, რადგან ევროკავშირში გაწევრიანების პირობები ძალიან ნათელია. ყველა ეს პირობა ჩამოწერილია, სხვათა შორის, შეგიძლიათ, წაიკითხოთ. აქ არავინ იწუხებს მათი წაკითხვით თავს, მაგრამ მე უბრალოდ გირჩევთ, რომ თუ გაინტერესებთ, წაიკითხეთ. ჩვენ ვთქვით, რომ არის ცხრა პუნქტი, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად და საქართველომ თქვა, რომ ძალიან ბევრს იმუშავებს და ცხრავე პუნქტს შეასრულებს. საქართველომ ცხრა პუნქტი ვერ შეასრულა, არცერთი. ჩვენ კი მას კანდიდატის სტატუსი მაინც მივანიჭეთ. ვუთხარით, რომ მივანიჭებთ კანდიდატის სტატუსს იმ პირობით, ცხრა პუნქტს შეასრულებს და რომ ჩვენ ამის გვჯერა.
გასული წლის დეკემბერში, მგონი, 15 დეკემბერი იყო, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან, საქართველოს მთავრობასთან და პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან ერთად ვიდექი თავისუფლების მოედანზე 100 000 ადამიანის წინაშე და კანდიდატის სტატუსის მიღება ყველამ აღვნიშნეთ.
ამის შემდეგ განწყობა შეიცვალა. საქართველოს მთავრობამ ხელახლა შემოიღო ე.წ. კანონი საგარეო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რაც ევროკავშირის საფუძვლებს ეწინააღმდეგება. ეს არა მხოლოდ შეუსაბამოა, არამედ უხეშ წინააღმდეგობაში მოდის ყველაფერთან, რასაც ევროკავშირი უჭერს მხარს, რადგან ევროკავშირის საფუძველია დემოკრატია და კანონის უზენაესობის ინსტიტუტები. ეს კანონი კი სრულიად შეუთავსებელია ამ ყველაფერთან. მიზეზები ყველამ იცის. ევროკავშირის სახელით, საქართველოს მთავრობას ექსპერტიზა გადაეცა. მან [მთავრობამ] მიიღო კიდევ ერთი კანონი LGBTQ-ის შესახებ ["ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ"], რომელიც ასევე შეუთავსებელია ევროკავშირის წევრობასთან და შეცვალა თავისი რიტორიკა - გერმანია აღარ მოიაზრება მეგობრად და პარტნიორად.
ჩვენ აღმოვჩნდით გლობალური ომის პარტიის გიჟურ წარმოდგენებში, გვადანაშაულებენ ლიბერალური ფაშიზმის ხელშეწყობაში, რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს, რადგან ლიბერალი არის თავისუფლება, სადაც ერთმანეთის გვერდით ბევრი იდეა არსებობს - სწორედ ესაა გერმანია და ესაა ევროკავშირი. ფაშიზმი ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი იდეაა კარგი და ყველა დანარჩენი ნაკლები ღირებულების. ასე რომ, აქ არანაირი თანხვედრა არ არის. გვადანაშაულებენ აქ რევოლუციის მხარდაჭერაში, ვართ უცხოელი აგენტები, აღარ ვართ მეგობრები და პარტნიორები. საქართველოს ხელისუფლების ტერმინოლოგიით, ჩვენ უცხო აგენტებს გვიწოდებენ და გვაბრალებენ საქართველოს უკრაინის ომში ჩაბმის მცდელობას. ეს ყველაფერი სრული სიცრუეა. ჩვენ სრულიად უარვყოფთ მას. ეს იყო საქართველოს ხელისუფლების პასუხი ჩვენი მეგობრობისა და პარტნიორობის აქტზე - კანდიდატის სტატუსის შეთავაზებაზე. ასე რომ, პასუხი კითხვაზე არის სად ვდგავართ - ვიმყოფებით ჩიხში და კრიზისულ მომენტში“, - განმარტავს გერმანიის ელჩი საქართველოში.