გერმანიის ელჩი საქართველოში აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტში იციან, რა უნდა გააკეთონ ევროინტეგრაციის გზაზე დასაბრუნებლად და თუ არ გააკეთებენ, მაშინ ევროკავშირი საქართველოსთვის აღარ იქნება. ასე უპასუხა გერმანელმა დიპლომატმა პეტერ ფიშერმა „საქმიანი დილის“ რუბრიკაში „საუბრები ბიზნესსა და ევროკავშირზე“ დასმულ კითხვას - როგორ დავუბრუნდეთ ევროკავშირში ინტეგრაციის გზას და როგორი იქნებოდა თქვენი რეკომენდაცია, რას ურჩევდა დაინტერესებულ მხარეებს, რა თქმა უნდა, მთავრობას და ასევე ბიზნეს სექტორს?
პეტერ ფიშერი თვლის, რომ ამ პროცესში აქტიურობა უნდა გამოიჩინოს როგორც ხალხმა, ასევე ხელისუფლებამ. უმთავრესი პირობები კი რომელიც არაერთხელ გაჟღერებულა იმ ორი კანონის გაუქმებაა, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობასთან სრულ წინააღმდეგობაშია.
„თუ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მან უნდა უთხრას მთავრობას, რომ სურს ევროკავშირში გაწევრიანება. მოგეხსენებათ, არჩევნები ძალიან საკამათო, ძალიან სადავო იყო. რისი თქმაც შეგვიძლია, არის ის, რომ იყო დარღვევები ბევრ სფეროში, რაც არ შეესაბამება ევროკავშირის კანდიდატის სტანდარტებს.
ევროკავშირის წევრ ქვეყანაში რომ ჩატარებულიყო არჩევნები ამდენი დარღვევით, ყველა ვიტყოდით: „აქ რა ხდება? ეს არ არის მისაღები“.
ყოველ შემთხვევაში, თუ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მან უნდა უთხრას მთავრობას, რომ გააკეთოს ყველაფერი, რაც საჭიროა ევროკავშირში გასაწევრიანებლად. რა არის საჭირო ევროკავშირში გასაწევრიანებლად, ათასჯერ და ათობით ათასჯერ დაიწერა უკვე. ახლა ცხრა პუნქტის შესრულებაა საჭირო, შემდეგ საფეხურთან მისაახლოებლად. თქვენ უნდა გააუქმოთ კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ გავაუმჯობესოთ ის აქ ან იქ. ეს არ მოხდება. ის უნდა გაქრეს. თქვენ კვლავ უნდა გადახედოთ LGBTQ კანონს ["ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" კანონს], რადგან ამ კანონით, თქვენ ახდენთ თქვენს ქვეყანაში მცხოვრები გარკვეული უმცირესობების დისკრიმინაციას. ეს უკანონოა ევროკავშირში.
და თქვენ უნდა შეწყვიტოთ ევროკავშირის შესახებ ცუდად ლაპარაკი, მტკიცება, რომ ევროკავშირი თქვენი მტერია, მაშინ, როდესაც ჩვენ თქვენი მტრები არ ვართ. ეს გრძელდება ყოველდღე. ყოველდღე. ყოველ ჯერზე, როდესაც ახალ ამბებს ვეცნობი, მესმის, რომ რაღაც სახის საშიში აგენტი ვარ. მე აქ ჩამოვედი, როგორც მეგობარი და პარტნიორი. თქვენ თქვით, რომ გერმანიის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს [სოციალურ-ეკონომიკურ] განვითარებას - ეს არის გერმანელი გადასახადის გადამხდელების ფული, ეს არიან გერმანელი ავტობუსის მძღოლები, გერმანელი ექთნები, ჩემნაირი გერმანელი საჯარო მოხელეები. ჩვენ ყველა ვიხდით ჩვენი გადასახადის ნაწილს საქართველოსთვის 30 წლის განმავლობაში. ასე რომ, როგორ უნდა დაუბრუნდეთ ევროინტეგრაციის გზას - ეს ყველაფერი უკვე წერია. ყველამ იცის და, რა თქმა უნდა, იცის თქვენმა მთავრობამ.
იცის, რადგან ერთ-ერთი საქმე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არის ის, რომ ასევე გავცემთ ბევრ სტიპენდიას და საქართველოს მთავრობაში, პარლამენტში ბევრმა ადამიანმა ისარგებლა ჩვენი სტიპენდიით. მათ განათლება იურიდიულ და სხვა დარგებში გერმანიაში აქვთ მიღებული. მათ იციან, რა უნდა გააკეთონ. ძველი რეკლამის მსგავსად, უბრალოდ გააკეთე ეს. მაგრამ თუ არ გააკეთებ, მაშინ - მშვიდობით, საქართველო. ევროკავშირი შენთვის აღარ იქნება“, - აცხადებს პეტერ ფიშერი.