რესტორნების "შავი ლომი", "ნინიას ბაღი", "კაფე ლეილა" და "კაკლების" მმართველი და შეფმზარეული მერიკო გუბელაძე, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარების გამო ობიექტებს დროებით ხურავს.
დღეს რესტორნების Facebook-გვერდებზე შესაბამისი განცხადებები გამოქვეყნდა:
მერიკო გუბელაძემ BM.GE-სთან განმარტა, რომ რესტორნები მანამდე იქნება დაკეტილი, სანამ ქვეყანაში ვითარება არ გამოსწორდება. მან თქვა: "ქვეტექსტები საჭირო არ არის. ფიზიკურად არ შეგვიძლია მოვემსახუროთ სტუმრებს, მომუშავე პერსონალი მორალურად განადგურებულები ვართ".
BM.GE-მ შეფს და რესტორნების მმართველს ჰკითხა - რამდენად მისაღებია მისთვის ინიციატივა, რომელიც გუშინ, ბაკურიანში მოქმედ მცირე სასტუმროს ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობის კურსის ევროპისკენ მობრუნებამდე ბიზნესმა ბიუჯეტში გადასახადი არ შეიტანოს, რაზეც მერიკო გუბელაძემ გვიპასუხა: "თუ რესტორანი დაკეტილია ბიუჯეტში გადასახადი ვერ შევა, რადგან დაკეტილი ობიექტი ვერ აგენერირებს შემოსავლებს. გამოდის, რომ ამ ფულს იმისთვის ვიხდით, რომ რობოკოპები და ჯავშანტრანსპორტიორები ჩამოიყვანონ და ამით დაგვიშვან... ძალიან კარგი თუ ეს თანხა არ შევა ბიუჯეტში".