“საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, შესაძლოა, უფრო საღი აზრის იყოს, საკუთარი ქვეყნის ინტერესების პატივისცემისა და რუსეთ-საქართველოს შორის თანამშრომლობის მხრივ”, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციული საბჭოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის კომისიის ხელმძღვანელმა, ანდრეი კლიმოვმა სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე საუბრისას განაცხადა.
"ცნობილია, რომ ის საფრანგეთის მოქალაქეა, ამბობენ, რომ ცუდადაც კი საუბრობს ქართულად. ზურაბიშვილი, როგორც დესანტი, საქართველოში გააგზავნეს, იკავებს პროევროპულ, შეიძლება ითქვას, პრო NATO-ს პოზიციებს. ვფიქრობ, დღეს, მის კანდიდატურას, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ძალიან სერიოზულად უყურებს. ამიტომ, შანსები, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ცვლილებები იქნება, არსებობს“, - აღნიშნა რუსმა სენატორმა.
ანდრეი კლიმოვის განცხადებით, საქართველოს მთავრობა სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესებით მოქმედებს.
“ამ ინტერესებშია რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაცია, რომელსაც, როგორც “დიდ მეზობელს” საქართველოსთვის მეტის მიცემა შეუძლია, ვიდრე მთელ დასავლეთსა და მის სტრუქტურებს. ზურაბიშვილი კი დასავლეთში ვიზიტებითა და იქ ანტირუსული განცხადებების გაკეთებით, საპირისპიროს სჩადის”, - აღნიშნა მან.